ისრაელის ელჩმა აშშ-ში, იეჩიელ ლეიტერმა განაცხადა, რომ გარკვეული სიურპრიზები იქნება, რაც გასულ წელს ლიბანსა და სირიაში „ჰეზბოლას“ წევრების კუთვნილი პეიჯერებისა და რაციების აფეთქებებს „მარტივად“ წარმოაჩენს.

„როდესაც ყველაფერი დაწყნარდება, ხუთშაბათს საღამოს და პარასკევს რამდენიმე სიურპრიზს იხილავთ, რაც პეიჯერების ოპერაციას თითქმის მარტივად წარმოაჩენს“, – თქვა მან.

გასული წლის 17 სექტემბერს ლიბანში, მათ შორის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ რაიონში, თითქმის ერთდროულად აფეთქდა ჰეზბოლას წევრთა პეიჯერები, რომლებსაც კავშირის საშუალებად იყენებენ. შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 000-მდე თანამდებობის პირი დაიჭრა. შემდგომში დადგინდა, რომ ოპერაციის უკან ისრაელი იდგა.

13 ივნისს ისრაელი თავს დაესხა ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს. პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო. თეირანში აცხადებენ, რომ ისრაელის ავიაცია სამოქალაქო ობიექტებსაც ბომბავს. ისრაელის სამხედრო თავდასხმის შედეგად მოკლული არიან ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები. ორივე ქვეყანაში მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *