ორშაბათს, ისრაელის ტანკებმა ცეცხლი გაუხსნეს ღაზას სექტორში სატვირთო მანქანებთან დახმარების მისაღებად მისულებს, რის შედეგადაც, მედიკოსების თქმით, სულ მცირე 51 ადამიანი დაიღუპა. ცნობებს Reuters ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ინციდენტი, როდესაც სასოწარკვეთილი მოსახლეობა საკვებისთვის იბრძოდა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ათეულობით დასახიჩრებული ცხედარი, რომლებიც ღაზას სექტორის სამხრეთით, ხან იუნისის ქუჩაზე წევს. ისრაელის სამხედროებმა აღიარეს, რომ ამ ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნეს და განაცხადეს, რომ ინციდენტს იძიებენ. Reuters-ის მიერ გამოკითხული თვითმხილველების თქმით, ისრაელის ტანკებმა სულ მცირე ორი ჭურვი ესროლეს შეკრებილებს, რომლებსაც სატვირთო მანქანებიდან საკვების მიღება სურდათ. მედიკოსების თქმით, სულ მცირე 51 ადამიანი დაიღუპა და 200 დაიჭრა, რომელთაგან სულ მცირე 20 კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაშავებულები საავადმყოფოში სამოქალაქო მანქანებით, რიკშებითა და ვირის ურმებით გადაჰყავდათ, წერს Reuters. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში ნათქვამია: „დღეს დილით, შეკრება დაფიქსირდა ჰუმანიტარული დახმარების გამანაწილებელი სატვირთო მანქანის მიმდებარედ, ხან იუნისის ტერიტორიაზე IDF-ის ჯარების მახლობლად. “IDF-სთვის ცნობილია ბრბოს მიახლოების შემდეგ IDF-ის ცეცხლის გახსნის შედეგად დაშავებული პირების შესახებ. ინციდენტის დეტალებს განხილვის ქვეშაა. ისრაელის თავდაცვის ძალები მწუხარებას გამოთქვამს ნებისმიერი ზიანის შესახებ, რომელიც მიადგა ამ საქმეში არ მონაწილე პირებს და მოქმედებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად მინიმუმამდე დაიყვანოს ზიანი და შეინარჩუნოს თავისი ჯარების უსაფრთხოება”, — ნათქვამია განცხადებაში. მედიკოსების თქმით, ანკლავის სხვა ნაწილებში ისრაელის მიერ განხორციელებული ცალკეული სროლისა და საჰაერო თავდასხმების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, რამაც სამშაბათს დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 65-მდე გაზარდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *