არაკეთილსინდისიერ მუშაობაში ის, ექიმების ნაწილის არაეთიკურ საქმიანობას გულისხმობს, რა დროსაც პაციენტისთვის კონკრეტული მედიკამენტის, თუ კვლევის დანიშნულების სანაცვლოდ ისინი ფარმაცევტული კომპანიებისგან, თუ კლინიკებისგან მატერიალურ ანაზღაურებას იღებენ.
„შეიძლება ამან [არაკეთილსინდისიერი მუშაობა] ყური არ მოგჭრათ, მაგრამ სინამდვილეში ეს არის მილიონებით დახარჯული, წყალში გადაყრილი ფული. არაკეთილსინდისიერი მუშაობა ნიშნავს ექიმს, რომელსაც დავალება ის კი არ აქვს, რომ სცადოს პაციენტის პრობლემის მოგვარება, არამედ დავალება აქვს ან დირექციისგან, ან ფარმაცევტული კომპანიისგან, რომ ჩემი პროდუქტი გამიყიდე, წამალი იქნება, თუ კვლევა.
კონკრეტული დავალება აქვთ ექიმებს, რომ პროდუქტი გაყიდოს… ღარიბ ქვეყანაში სისულელეებში გადასაყრელი ფული არ გვაქვს, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ექიმმა იმუშაოს „ქეშბექებზე“, „ატკატებზე“ და მივიღოთ მდიდარი ექიმი და გაუბედურებული პაციენტი, რომლის პრობლემის მოგვარება გადავადდა სამომავლოდ.
ფულის საკეთებლად დანიშნული წამლები ძალადობაზე ნაკლები დანაშაული არ არის. ვიღაცები სახიჩრდებიან და კარგავენ ჯანმრთელობის წუთებს ამ თამაშში და ეს კორუფცია ვიღაცებს აზიანებს.
ყველა ჩვენგანს ჰყავს ნაცნობი ექიმი, რომელიც ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობს. ესენი კი არ არიან ცუდი ადამიანები, ის ხალხი, ვისაც თითის გაშვერით უნდა ველაპარაკოთ და გავრიყოთ საზოგადოებისგან. ათობით ათასს ადამიანზე მაქვს საუბარი.
გამართლება იცით რა არის, რომ ყველა ასე აკეთებს! ყველა ასე მუშაობს. თუ ერთხელ დაუშვებ ამ მორალურ კომპრომისს, მერე მიდრეკილია ადამიანი მეტად დანიშნოს რაღაც წამალი, თუ პროცედურა. ამის გამკონტროლებელი ვერავინ იქნება. სინდისს ერთხელ თუ დაიჩლუნგებ, თუ ერთხელ გაირყვნები, მერე ვერავინ გააკონტროლებს ამას.
ზოგი ექიმი იღებს პირდაპირ მატერიალურ სარგებელს ან იღებს ირიბად მატერიალურს. მაგალითად დაუფინანსებენ სადღაც წასვლას, ვითომ სამეცნიერო მიზნით, სინამდვილეში დასასვენებლად სადმე გაუშვებენ, რაღაც ნივთს აჩუქებენ. ეს როგორ იფუთება იცი? ცუდია რომ კონფერენციაზე წავიდე ესპანეთში? ცუდია ცოტა მეტი შემოსავალი მქონდეს? განა რას ვაშავებ ამით? ის ექიმები ასე მოგიბრუნდებიან.
ამ არაკეთილსინდისიერ მუშაობას ვუყურებ არა რაღაცების მიზეზს, რა მიზეზიც არის, არამედ შედეგს – ძალიან დაქცეული ჯანდაცვის სისტემის“, – განაცხადა რედაქტ2-თან ინტერვიუში ჯაბა ზარქუამ.