„მოტივირებული ვართ მედიასთან ვიყოთ მუდმივად კომუნიკაციაში, რომ კანონი ისე აღვასრულოთ მედიაგარემო გაჯანსაღდეს“ – კახა ბექაური

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის განცხადებით, მარეგულირებელი მოტივირებულია მუდმივ კომუნიკაციაში იყოს მედიასთან და “მაუწყებლობის შესახებ” კანონი, რომელშიც ბოლო ცვლილებები “ოცნებამ” ახლახან შეიტანა, შეეცდება ისე აღასრულოს, რომ მედიაგარემო გაჯანსაღდეს.

„შემიძლია დაგპირდეთ, რომ კანონის აღსრულების ნაწილში, მაქსიმალურად ლოიალური ვიქნებით, განსაკუთრებით იქამდე, ვიდრე პრაქტიკა დაინერგება. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ შეურაცხყოფა და სიძულვილის ენა აღარ იყოს მედიაში, ჩვენ დაინტერესებული ვართ ისევე, როგორც საზოგადოება და თქვენც, რომ დეზინფორმაცია არ ვრცელდებოდეს და შეცდომაში არ იქნეს შეყვანილი ჩვენი საზოგადოება. არ მოხდეს ფაქტის არასწორად ინტერპრეტირება და არ დამახინჯდეს სპეციალურად, კონკრეტული მოსაზრება არ გასაღდეს ფაქტად და დავიცვათ მაყურებლის ინტერესები“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა კომისიის სხდომაზე და აღნიშნა, რომ კანონი აუცილებლად დასაცავია, რადგან ისეთ ელემენტარულ და საბაზისო ჟურნალისტური სტანდარტების დაცვას მოითხოვს, რაც მედიამ კარგად იცის.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კანონის აღსრულების ნაწილში კომისია მაქსიმალურად ითანამშრომლებს მედიასთან, რათა დარღვევები მაქსიმალურად აღმოიფხვრას, განსაკუთრებით თუ ეს არის შეცდომა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მედია ამას მიზანმიმართულად და განგებ აკეთებს, პროცესში ესეც ნათლად გამოჩნდება და კომუნიკაციების კომისიას ამაზეც შესაბამისი რეაგირება ექნება.

„მე ჟურნალისტიკა კარგად ვიცი და დიდი ხანი ვმუშაობდი ტელევიზიაში და რასაც მე ვუყურებ, ჩანს რომ ზოგიერთ ჟურნალისტს ცოდნა არ აქვს. მაგრამ ეს არ იქნება განმსაზღვრელი, რომ ამის გამო დაისაჯოს მედია, ჩვენ უნდა ვასწავლოთ, სტანდარტი უნდა ავამაღლოთ, კომისია ამისკენ ვიქნებით მოტივირებული. უნებლიე შეცდომების გამო არ დაისჯება არცერთი ტელევიზია. ჩვენ მაქსიმალურად ლოიალურები ვიქნებით, მთავარია მიზანმიმართულად არ მოხდეს კანონის დარღვევა.

არათუ მზაობა გვაქვს, არამედ მოტივირებული ვართ, რომ მაქსიმალურად დაგეხმაროთ და ვითანამშრომლოთ. ჩავატაროთ იმდენი სამუშაო შეხვედრა, რამდენიც საჭიროა, მათ შორის კომისიის წევრების ჩართულობით, ვიყოთ მუდმივად კომუნიკაციაში, რომ დარღვევების პრევენცია მოვახდინოთ. მაუწყებლებს თუ კითხვები გექნებათ რეგულარულ რეჟიმში ჩვენგან მზაობა იქნება, რომ ნებისმიერ თქვენს კითხვაზე კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მიიღოთ კონსულტაცია და ჩვენი აზრი მოისმინოთ“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კომისიის სხდომაზე.

კახა ბექაურმა სხდომაზე აღნიშნა, რომ „ტელეკომპანია პირველი“ ერთადერთი ტელევიზიაა ჯერჯერობით, რომელმაც კომისიასთან სამუშაო შეხვედრა ითხოვა, ეს პროცესი ძალიან ნაყოფიერად წარიმართა.

„სხვათა შორის „ტვ პირველი“ ერთადერთი ტელევიზიაა, რომელმაც სურვილი გამოთქვა სამუშაო შეხვედრებზე. უფრო სწორად შედგა სამუშაო შეხვედრა, სურვილი „ფორმულამაც“ გამოთქვა, თუმცა შეხვედრაზე არ მოვიდა. სხვა არხებს საერთოდ არც სურვილი გამოუხატავთ, მაგრამ ჩვენ ამის სურვილი გვაქვს, და მე მგონია, რომ მედიასაც უნდა ჰქონდეს. ამ კუთხით მე ველოდები მჭიდრო თანამშრომლობას და თუ დღეს ამას ვერ ხედავთ, ხვალ დაინახავთ აუცილებლად“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

ცნობისთვის, 12 ივნისს ერთპარტიულმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებების პაკეტი, რომელიც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლებას აძლევს, კომერციული ბანკებიდან და მიკრობანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია მოიპოვოს.

“ოცნების” თანახმად, ცვლილებების მიზანია “მაუწყებლობის შესახებ” კანონის შესაბამისად, მაუწყებლის დაფინანსების აკრძალვასთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო რეგულაციის ეფექტიანი აღსრულება.

“აღნიშნული ცვლილების შედეგად საქართველოს კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ექნება მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს და სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს კომერციული ბანკებიდან ან/და მიკრობანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია, იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელი თავად არ მიაწვდის აღნიშნულ ინფორმაციას კომისიას მის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განსახორციელებლად”,- წერია განმარტებით ბარათში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *