საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა პარლამენტის წევრებს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებსაც.
“შეხვედრისას აღინიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პროექტების განხორციელების მენეჯმენტს და განხორციელებული პროექტების კონტროლს. იგეგმება მთელი რიგი ცვლილებები, მათ შორის, ტენდერებზე და ამ ტენდერებში გამოვლენილი კომპანიების მუშაობაზე, რაც ეფექტურობის გაზრდას მოემსახურება“, – აღნიშნა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ისაუბრა სამინისტროს საქმიანობაზე, მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე. კომიტეტის წევრებს წარუდგინა ინფორმაცია უწყებაში განხორციელებულ სტრუქტურულ სიახლეებზე, მათ შორის – ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის ახალი დეპარტამენტის შექმნაზე, რომელიც პროექტების მონიტორინგს ყველა ეტაპზე განახორციელებს.
რევაზ სოხაძემ ხაზი გაუსვა ბიუჯეტის მიზნობრივი და ეფექტიანი გამოყენების და ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხიანი და დროული შესრულების მნიშვნელობას. მინისტრის თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პროექტების ხარისხის გაუმჯობესებაა, რისთვისაც სისტემურად დაიგეგმება და განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მონიტორინგის, კონტროლისა და ტექნიკური ზედამხედველობის მიმართულებით.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონული განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებს, მათ შორის საგზაო, წყალმომარაგების, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.
მინისტრმა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელმა მოისმინეს კომიტეტის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაცია რეგიონებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესახებ.
საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და პარლამენტის წევრები; ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები – ვახუშტი ბაგრატიონი, გიორგი კობერიძე, მზია გიორგობიანი და ილია ბეგიაშვილი; მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე; საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე; გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე.