ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულის შემთხვევაში პირისთვის 16 წლით ქვეყნის დატოვების შეზღუდვა შეიძლება პროპორციულობის და თავისუფლების უფლების დარღვევად ჩაითვალოს — ამის შესახებ ადვოკატმა კახა წერეთელმა განაცხადა BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“.

საუბარია კანონპროექტზე, რომელიც “ქართული ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტში მიმდინარე კვირაში დაარეგისტრირეს. პაკეტი ფინანსურ დანაშაულებთან დაკავშირებით აღსრულების მექანიზმებს ამკაცრებს და პირებს ქვეყნიდან გასვლას უზღუდავს. საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი შემადგენელი ინიციატივა საზღვრის დატოვებას ნებართვის გარეშე აუკრძალავს პირებს, რომლებსაც სასჯელი მოხდილი აქვთ, თუმცა გამოტანილი აქვთ ამასთან ზიანის ანაზღაურების განაჩენი, თუმცა აღნიშნული ზიანი ანაზღაურებული არ აქვთ. მაქსიმალური ლიმიტი საზღვრის კვეთისთვის ნებართვის მოპოვებაზე 16 წელს შეადგენს. ამასთან, საკანონმდებლო პაკეტი ამარტივებს სასჯელმისჯილ პირთან დაკავშირებული პირებიდან თანხების ამოღებას ზიანის ანაზღაურების მიზნით.

ადვოკატის თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უფლებამოსილ უწყებას აძლევს საშუალებას, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს და ბრალდებულმა ან უკვე სასჯელმოხდილმა პირი 16 წლის განმავლობაში ვერ დატოვოს ქვეყანა, საჭიროებს კონსტიტუციურ შეფასებას.

„არანაირი განმარტება არ მიცემია, რატომ შეირჩა სწორედ 16 წელი. კანონპროექტის განმარტებით ბარათში უბრალოდ წერია, რომ ეს შესაძლებელია იყოს ნასამართლობის ვადაზე ორჯერ მეტი, რაც თავისთავად არაკონკრეტული და იურიდიულად გაუმართავია“, — განაცხადა წერეთელმა.

ადვოკატის თქმით, ვადის შერჩევა მექანიკურად, ნასამართლობის ვადაზე დაყრდნობით, შეიძლება თავისუფლების უფლების არაპროპორციულ შეზღუდვად შეფასდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის დატოვება ადამიანის ჯანმრთელობასთან ან სიცოცხლესთან დაკავშირებული აუცილებლობით არის განპირობებული.

„მთავარია, კანონი არ იქცეს არაფორმალურ სასჯელად. დღეს კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ ადამიანს გარკვეული პერიოდის შემდეგ ნასამართლობა უუქმდება. ამ ცვლილებით კი იგივე პირს სასამართლო ავალდებულებს, რომ სამართლებრივი ტვირთი — გადაადგილების მკაცრი კონტროლის სახით — ორჯერ დიდხანს ატაროს. ეს უკვე ეჭვქვეშ აყენებს საკონსტიტუციო სტანდარტს“, — აღნიშნა წერეთელმა.

კახა წერეთელი ამბობს, რომ საჭიროა ჰუმანიტარული გამონაკლისების დაზუსტება, მაგალითად, თუ ადამიანი სამკურნალოდ მიდის ქვეყნის გარეთ. მისი შეფასებით, დღევანდელი ფორმით ინიციატივა ბევრ ტექნიკურ და სამართლებრივ კითხვას აჩენს, მათ შორის, რამდენად გამართლებულად და ეფექტურად იქნება გამოყენებული ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმი ათასობით პირზე.

„არასაკმარისია უბრალოდ დაწერო, რომ იქნება სამაჯურით ზედამხედველობა. ამას სჭირდება ადამიანური რესურსი, სერიოზული ადმინისტრაციული რესურსი და, რაც მთავარია, მკაფიო კრიტერიუმი, თუ ვის შეეხება და როგორ“, — განაცხადა მან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *