ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულის შედეგად მიღებული ქონება შეიძლება ჩამოერთვას არა მხოლოდ ბრალდებულს, არამედ მის ახლო ნათესავსაც, თუ გამოძიება და სასამართლო დაასაბუთებს, რომ ქონება მიზანმიმართულად გადაფორმდა იმისთვის, რომ ზიანი დაზარალებულისთვის არ ანაზღაურდეს — ამის შესახებ განაცხადა ადვოკატმა კახა წერეთელმა BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“.

საუბარია კანონპროექტზე, რომელიც “ქართული ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტში მიმდინარე კვირაში დაარეგისტრირეს. პაკეტი ფინანსურ დანაშაულებთან დაკავშირებით აღსრულების მექანიზმებს ამკაცრებს და პირებს ქვეყნიდან გასვლას უზღუდავს. ამასთან, საკანონმდებლო პაკეტი ამარტივებს სასჯელმისჯილ პირთან დაკავშირებული პირებიდან თანხების ამოღებას ზიანის ანაზღაურების მიზნით.

როგორც ადვოკატი კახა წერეთელი ამბობს, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ქონება ნათესავზეა გაფორმებული, არ არის საკმარისი მის ჩამოსართმევად. აუცილებელია, რომ გამოძიებამ და სასამართლომ განაჩენის სტანდარტით დაადასტურონ, რომ ქონება ფიქტიურად იქნა გადაფორმებული, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება სახელმწიფომ მისი ამოღება მოახდინოს.

„არავინ ართმევს ადამიანს ქონებას იმიტომ, რომ ის ნათესავია. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს — გონივრული ეჭვს მიღმა, განაჩენის სტანდარტით — რომ ეს ქონება რეალურად დანაშაულის შემოსავალია და მხოლოდ ფორმალურადაა სხვაზე გაფორმებული“, — განმარტა წერეთელმა.

მისივე თქმით, სანამ ეს მექანიზმი კანონში გაჩნდებოდა, მსგავსი რეგულაცია უკვე არსებობდა სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლით, თუმცა ის არ იყო ეფექტურად გამოყენებული.

„მანამდე სახელმწიფო პირდაპირ იღებდა ქონებას — ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის დავის პირობებში. წორედ ეს იყო არაეფექტური მექანიზმი და ხშირად უსამართლოც“, — აღნიშნა წერეთელმა.

ახალი ცვლილება ითვალისწინებს, რომ ამოღებული ქონება სახელმწიფოს კი არა, დაზარალებულს უნდა მიეწეროს, თუმცა, წერეთლის თქმით, მექანიზმი მეტად ამკაცრებს სახელმწიფოს ტვირთს — სამართლებრივად დასაბუთდეს, რომ ქონება მართლაც დანაშაულის შედეგია და მისი მფლობელი მხოლოდ ფორმალურად არ არის კავშირში საქმის არსთან.

„ეს არ არის მარტივი მტკიცების სტანდარტი. სახელმწიფომ უნდა დააანონსოს, რომ ქონება სწორედ იმის გამო გაფორმდა სხვაზე, რომ თავიდან აუცილებელი იყო ზიანის ანაზღაურება“, — აცხადებს ადვოკატი.

მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მექანიზმის მიზანი დაზარალებულთა დაცვაა, არსებობს რისკები, რომ მის გამოყენებას შესაძლოა მოჰყვეს ბოროტად გამოყენება ან არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებები, თუ პროცედურა გამჭვირვალედ და გამოკვეთილი სტანდარტებით არ იმუშავებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *