ევროკავშირის წევრ ქვეყანათა ნაწილი რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკრაინის ომში მონაწილეობენ, შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვის ინიციატივით გამოდიან. ესტონური მედია წერს, რომ ისინი ამის მიზეზად “უსაფრთხოების სერიოზულ რისკებს” ასახელებენ.

ბალტიის, სკანდინავიის ქვეყნებისა და პოლონეთის ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა რუსეთის მიერ ევროკავშირის წინააღმდეგ ჰიბრიდული ოპერაციების გახშირება. ბლოკის უსაფრთხოების სააგენტოებმა არაერთი გაფრთხილება გაავრცელეს რუსეთთან დაკავშირებულ საბოტაჟზე, მათ შორის მოსკოვის მიერ ორკესტრირებულ ხანძრებზე.

7 ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები ერთმანეთს 19 ივნისს ტალინში შეხვდნენ, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და დაადასტურეს, რომ სურთ შენგენის უვიზო მიმოსვლის ზონაში აიკრძალოს რუსეთის იმ მოქალაქეების შესვლა, რომლებიც ომში მონაწილეობდნენ. საუბარია ათასობით ადამიანზე, რომლებსაც 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე მონაწილეობა მიუღიათ რუსეთის საომარ ოპერაციებში.

“მათთვის საცხოვრებლის ნებართვას და ვიზებს არ გავცემთ. ხალხის ეს ჯგუფი, რომელიც კლავს და ანადგურებს, ყველა ჩვენგანისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს” – განაცხადა ესტონეთის შს მინისტრმა, იგორ ტარომ.

კოალიცია მიიჩნევს, რომ შეზღუდვები მას შემდეგაც უნდა დარჩეს ძალაში, როდესაც უკრაინაში საომარი მოქმედებები შეწყდება.

შენგენის ზონა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ევროპის 29 ქვეყანაში 90 დღის განმავლობაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრმა არაერთმა ქვეყანამ რუსეთის მოქალაქეებზე სამოგზაურო შეზღუდვები უკვე დააწესა, სხვა ქვეყნებიდან მათთვის მარშრუტები კვლავ ღია რჩება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *