ისრაელში, საქართველოს საელჩოს განცხადებით, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს 17 მოქალაქე სამშობლოში გაემგზავრა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქართულმა მხარემ ისრაელის შესაბამის სამსახურებთან ახლო კოორდინაციით უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადაში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება.

“ისრაელში საქართველოს საელჩო შექმნილი ვითარების გამო განაგრძობს მუშაობას საგანგებო რეჟიმში. საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ამ დრომდე საქართველოს საელჩომ კონსულტაცია და საჭირო დახმარება გაუწია 500-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს.

აღსანიშნავია, რომ ისრაელში მყოფ პირებს, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ, ქვეყანა დატოვონ სახმელეთო გზით, როგორც ისრაელი-იორდანიის სასაზღვრო გამშვები პუნქტით, ასევე ისრაელი-ეგვიპტის სასაზღვრო გამშვები პუნქტით – TABA.

სახმელეთო გზით დატოვების მსურველმა მოქალაქემ თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი. ბოლო დროინდელი მოვლენების ფონზე, სახმელეთო გზით ისრაელი საქართველოს 1000-მდე მოქალაქემ დატოვა”, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ბოლო ათი დღეა ისრაელ-ირანის კონფლიქტის ესკალაციის გამო, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარება დაძაბულია. ჩაიკეტა ისრაელის საჰაერო სივრცე. სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, შექმნილი ვითარების გამო დახმარებას ითხოვდნენ, რათა სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *