“სამშენებლო სექტორში უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოდან პოზიტიური სიგნალებია” – “აპარტ ჯგუფი”

“აპარტ ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ ჩქარეული მიიჩნევს, რომ მიმდინარე წლის I კვარტალის შემდეგ, სამშენებლო სექტორში როგორც არსებული ვითარება, ასევე მოლოდინები გაუმჯობესებულია და პოზიტიურ სიგნალებს იძლევა, – ამის შესახებ ჩქარეულმა “ანალიტიკას” ეთერში, BAG ინდექსის შეფასებისას ისაუბრა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ბიზნეს კლიმატის შეფასების ანგარიშიდან ჩანს, რომ 2025 წლის მეორე კვარტალში, წლის პირველ 3 თვესთან შედარებით, ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინები ყველაზე მეტად, 3.0 ქულით, მშენებლობის სექტორში გაუმჯობესდა.

როდესაც წლის დასაწყისში ვსაუბრობდით მოლოდინებზე, არავის ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ეს კონიუნქტურა იქნებოდა, რაც არის – გაცილებით უარესი მოლოდინები იყო იმ გარემოდან და დემონსტრაციებიდან თუ მასობრივი პროტესტიდან გამომდინარე, ასევე ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების განცხადებებიდან გამომდინარე, რაც მაშინ კეთდებოდა. თუმცა მივედით იქამდე, რომ რეალობა არც ისე მწვავეა, როგორც მაშინ ჩანდა და თვითონ ინდუსტრიები ვითარდებიან. სამშენებლო ინდუსტრიაში ბაზრის კაპიტალიზაცია გაზრდილია წინა წლის პირველი 5 თვის მაჩვენებელთან შედარებით.

მშენებლობის ინდუსტრიაზე ხშირად ითქმის, რომ სტაგნაციაშია, ტრანზაქციები შემცირდა, ახალი პროექტები ნაკლებად ფინანსდება და ა.შ. ეს ნაწილობრივ ასეა, მაგრამ დიდ სურათში უნდა შევხედოთ. არასდროსაა, რომ ბიზნესი ამოვარდნილია მთლიანი ეკონომიკური პროცესებიდან. როდესაც დაიძაბა ქვეყანაში ვითარება, ეს ყველაფერი აირეკლა ინდუსტრიამ, თებერვალ-მარტში გაყიდვები შენელებული იყო, მაგრამ მაისის შედეგებს თუ შევხედავთ, წლიურად ზრდის მაჩვენებელია, პოზიტიური სიგნალია და ბაზარიც გაიზარდა” , – აღნიშნა ვახტანგ ჩქარეულმა.

მისი თქმით, მიმდინარე წელს “აპარტ ჯგუფი” $400-მილიონიან პროექტს იწყებს, რაც ადასტურებს, რომ, სექტორის შეფასებით, პოზიტიური მოლოდინები არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სექტორში მოთხოვნა მცირედით შემცირებულია, ჩქარეულის შეფასებით, ბიზნესის ქცევა და უცხოელ ინვესტორთა გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ ისინი მიმდინარე შედეგებს გამოწვევად არ მიიჩნევენ.

“რამდენიმე კრიტერიუმს უნდა შევხედოთ. მოთხოვნას თუ შევხედავთ, ვიტყვით რომ სტაბილურია – არც რადიკალურად იზრდება, არც რადიკალურად მცირდება. მეორეა ის, რას ფიქრობს ბიზნესი – ვიწყებ თუ არა ახალ პროექტს. თუ მოლოდინი მაქვს, რომ მოთხოვნა საშუალო ან გრძელვადიან პერიოდში შემცირდება, ახალ პროექტში არ შევდივარ. ინდექსი ამბობს, რომ გრძელვადიან პერიოდში ბიზნესი პოზიტიურად უყურებს ზოგადად ეკონომიკას. ამას უნდა მიჰყვებოდეს ბიზნესის ქცევაც. როგორც “აპარტ ჯგუფის” ხელმძღვანელი, წელს 400 მლნ დოლარის პროექტებს ვიწყებთ, რანაირად შეიძლება, ცუდი მოლოდინების პირობებში, ამ მოცულობის კაპიტალის მოზიდვაზე ვფიქრობდე და ვრისკავდე? ეს წარმოუდგენელია.

ეს ცალკე აღებული ერთი კომპანიის ქცევა არაა; ბაზარი გაიზარდა, ვსაუბრობთ ჩვენს კონკურენტ და პარტნიორ ბიზნესებთან, ინვესტორებთან; მათი აზრით, საქართველოდან ძალიან პოზიტიური სიგნალებია, იგივე emaar-თან დაკავშირებული სიახლით, რომელიც უპრეცედენტოა ინდუსტრიისთვის – საერთოდ არ აღიქვამს ინდუსტრია იმას, რომ მოთხოვნის 1%-იანი კლება იმ პროცესების ფონზე, რაც წინა წლის ბოლოდან წლის დასაწყისამდე გაგრძელდა, დიდი გამოწვევაა”, – განაცხადა ვახტანგ ჩქარეულმა.

ცნობისთვის, BAG ინდექსის თანახმად, 2025 წლის II კვარტალში I კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება მშენებლობის სექტორში 6.8 ქულით გაუარესდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *