ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი მხოლოდ სასურველი იმპლანტირებადი მოწყობილობის თანხას გადაიხდის, ოპერაციის სხვა ხარჯებს კი, პაკეტის შესაბამისად, კვლავ სახელმწიფო აუნაზღაურებს.
ექიმი ლევან ჩიკვატია აცხადებს, რომ სახელმწიფო დაფინანსება მაღალი ხარისხის სახარჯ მასალებს არ ანაზღაურებს, ამიტომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში თანაგადახდის დაშვება პაციენტისთვის და ხარისხის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
„ის მასალა, რომელიც გათვალისწინებული იყო სახელმწიფოს დაფინანსების თანხებით, გამოდიოდა დაბალხარისხიანი. მაღალხარისხიანი იმპლანტი ღირდა ძვირი, შესაბამისად, დაფინანსების თანხა ამას არ ჰყოფნიდა, რადგან აქ მხოლოდ პაციენტი ხომ არ არის: კლინიკაა, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული, ექიმები, რომლებმაც იქიდან ხელფასი უნდა აიღონ და ა.შ. ძალიან ბევრი კომპონენტისგან შედგებოდა ეს თანხა, რომელიც ყველა შემთხვევაში ხარისხიან იმპლანტს არ ჰყოფნიდა. როგორც ძველად იყო, სანამ DRG შემოვიდოდა, პაციენტს სურვილის მიხედვით შეუძლია გამოიყენოს სახელმწიფო დაფინანსება და დაამატოს იმპლანტის ფასი სურვილის მიხედვით.
ფაქტობრივად 98% არ გამომიყენებია ე.წ უხარისხო იმპლანტი. მე არ ვმუშაობდი ამაზე, არ ვაყენებდი და მორჩა. მე ეს ვთქვი პირველივე დღეს. თითქმის სამსახურის დაკარგვად დამიჯდა ეს ყველაფერი, მაგრამ უხარისხო იმპლანტს მე პაციენტს ვერ ჩავუყენებდი. როგორც ჯარისკაცს უხარისხო იარაღი არ უნდა ეჭიროს, ისე ვარ მეც“, – განაცხადა bm.ge-სთან ლევან ჩიკვატიამ.
ცნობისთვის, თანაგადახდის შესაძლებლობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჯერ კიდევ შეზღუდულია რიგი მიმართულებებით, მათ შორის ბავშვთა ორთოპედიაშიც, თუმცა ექიმის ინფორმაციით, სამინისტრო თანაგადახდის მექანიზმის გაფართოებაზე მუშაობას აგრძელებს. ახლა მნიშვნელოვანია, როგორ იმუშავებს ახალი მიდგომა პრაქტიკაში. სამინისტრომ პაციენტები არამიზნობრივი ხარჯისგან რომ დაიცვას, ამისთვის რამდენიმე მექანიზმი იქნება გამოყენებული. ჩიკვატიას განმარტებით, თითოეული შემთხვევა და მანიპულაცია სამინისტროს პლატფორმაზე უნდა დარეგისტრირდეს, დაფინანსებას კი კლინიკა მხოლოდ შემთხვევების ანალიზის საფუძველზე მიიღებს.