ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „დიზაინის შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლებიც სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებებით, დიზაინის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული თანამედროვე სტანდარტებისა და მიდგომების შესაბამისად, უმჯობესდება დიზაინის სამართლებრივი დაცვის მექანიზმი, იზრდება კოპირებისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან კომპანიებისა და დიზაინერების დაცვის შესაძლებლობა. ცვლილება მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაძლიერებისა და ინოვაციების წახალისებისთვის.

როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებები განპირობებულია ინტერნეტსივრცეში საავტორო და მომიჯნავე უფლებების მდგომარეობით, ასევე, იმ უარყოფითი გავლენის შესამცირებლად, რასაც ინტერნეტმეკობრეობა ახდენს შემოქმედებით ინდუსტრიაზე და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკაზე.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის განმარტებით, კანონის მიღების შედეგად გაუმჯობესდება ინტერნეტსივრცეში საავტორო და მომიჯნავე უფლების მფლობელის ინტერესებისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დაცვის მექანიზმები. შეიქმნება უფრო ეფექტური და სამართლიანი გარემო როგორც ავტორებისთვის, ისე ინტერნეტ პლატფორმისთვის და ხელი შეეწყობა ინტერნეტში ლეგალური კონტენტის განვითარებას.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ორივე ცვლილება მომზადდა ევროკომისიის 2024 წლის გაფართოების ანგარიშის საფუძველზე, სადაც მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არსებითად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, თუმცა ცალკეული მიმართულებებით საჭირო იყო დამატებითი ნაბიჯები. სწორედ ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით შეიმუშავა მთავრობამ კანონპროექტები, რომლებიც უკვე აისახა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) 2025 წლის სამოქმედო გეგმაში.

„ერთი მხრივ, მისასალმებელია, რომ ჩვენ მივყვებით, ევროკომისიის ანგარიშს და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ეს აუმჯობესებს იმ წესებს, რომლითაც ქართველი მეწარმეები და დაინტერესებული მხარეები მოქმედებენ“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *