ეკონომიკის ყოფილი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა. როგორც მან “ოცნების” პარლამენტში სუს-ის წლიური ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, საქმე მაღალი საჯარო ინტერესის მქონეა და უწყება მუშაობდა იმისთვის, რომ მის გარშემო სამართლებრივი სტანდარტი სრულად ყოფილიყო დაცული.

„რამდენიმე დღის წინ, ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, დაკავებულ იქნა ყოფილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი. 24-საათიან რეჟიმში ვმუშობდით, რათა აღნიშნულთან დაკავშირებით ჩამოგვეყალიბებინა სამართლებრივი სტანდარტი და მიგვეყვანა საქმე შესაბამის შედეგამდე“, — განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ბუნებრივია, საზოგადოებაში გაჩნდეს კითხვები იმის თაობაზე, თუ როგორ ხერხდებოდა მსგავსი დანაშაულებრივი სქემის განხორციელება და რატომ არ მოხდა მისი დროული აღმოჩენა.

„შეიძლება არსებობდეს კითხვის ნიშნები, თუ როგორ მოახერხა აღნიშნულმა პირმა დანაშაულებრივი სქემის რეალიზება და როგორ აღმოჩნდა ის უსაფრთხოების სამსახურის კონტროლს მიღმა. ამასაც შევაფასებთ და ყველა საკითხს ნათელს მოვფენთ“, — აღნიშნა მან.

ოხანაშვილის განცხადებით, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ წარდგენილ არცერთ საქმეზე არ დამდგარა გამამართლებელი განაჩენი, რაც მისივე შეფასებით, საგამოძიებო სტანდარტის ხარისხზე მიუთითებს.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნების რანგში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *