სუს-ის ახალ უფროსს ახალი მოადგილეები ეყოლება – სია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ანრი ოხანაშვილის თქმით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი კრიმინალია და იქაა, სადაც მისი ადგილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

„კრიმინალი არის მოთავსებული პენიტენციურ დაწესებულებაში. მან ჩაიდინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ეს არის დანაშაული, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ძალიან მკაცრად ისჯება. ამიტომ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ნიველირება არ ვფიქრობ, რომ სწორია. ჩვენი პასუხისმგებლობა იყო და მე მეამაყება, რომ ჩვენ ეს შევძელით – ეს ადამიანი დავაკავეთ და მოვათავსეთ იქ, სადაც მისი ადგილია,“ – განაცხადა ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტში.

მისივე თქმით, ბაჩიაშვილის დაკავებისთვის სუს-მა ყველა საჭირო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება განახორციელა:

„მე ვადასტურებ, რომ ბაჩიაშვილი დავაკავეთ ჩვენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა. ჩვენ გავატარეთ ყველა ის ოპერატიული სამძებრო ღონისძიება, რაც ამ ადამიანის დაკავებისთვის იყო საჭირო“.

რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილის მტკიცებას, რომ მას თბილისში ჩამოყვანისას თავზე ტომარა ჰქონდა ჩამოფარებული და თვითმფრინავში ანრი ოხანაშვილი თავად იმყოფებოდა, სუს-ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ თემაზე უკვე დაწყებულია გამოძიება და აღნიშნულს „ზღაპრებს“ უწოდებს:

„გამოძიება დაწყებულია პროკურატურაში მის მიერ, თუნდაც არასერიოზულ და ზღაპრულ განცხადებებთან დაკავშირებით. ჩვენ გადავაგზავნეთ ყველა მასალა, რაც ამ პირის დაკავებასთან დაკავშირებით განვახორციელეთ. მე მზად ვარ, რომ ნებისმიერ შეკითხვაზე, მათ შორის პროკურატურის მხრიდან, პასუხი გავცე.

დაგიდასტურეთ, რომ ეს ადამიანი დავაკავეთ. რაც შეეხება სხვა მის განცხადებებს – ზღაპრებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ჰკითხოთ პროკურატურას. ბევრ ზღაპარს მოისმენთ კიდევ, დაელოდეთ“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

ბაჩიაშვილმა საქართველო 2025 წლის 4 მარტს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის გამოყენებით დატოვა. ის ჯერ სომხეთში, შემდეგ კი UAE-ში გაემგზავრა. 2025 წლის 10 მარტს კი საქალაქო სასამართლომ “ქართუ ბანკის” სესხთან დაკავშირებით ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაიწყო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეც, ამასთან სასამართლოში კვლავ გრძელდება “მტკვარი ჰესის” საქმის განხილვაც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) კი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია 27 მაისს გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ბაჩიაშვილი სადახლოს მწვანე ზონაში დააკავეს. მოგვიანებით, სასამართლო პროცესზე თავად ბაჩიაშვილმა თქვა, რომ ის “შაბათს, 24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან თვალები ამიხვიეს და 2 დღე თვალახვეული მატარეს”.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *