18 წლის ბრიტანელი სტუდენტი, ბელა მეი კალლი, საქართველოს საზღვარზე დააკავეს, მას შემდეგ, რაც აეროპორტში მისი ბარგიდან ნარკოტიკული საშუალებები — 34 ფერმენტულად დახურული პაკეტი მარიხუანა (12 კგ) და 20 პაკეტი ჰაშიში (2 კგ) ამოიღეს. დაკავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის ბოლოს სამოგზაუროდ ტაილანდში იმყოფებოდა. მათ შვილის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ბელა მათ ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობდა. მოგვიანებით კი, აღმოაჩინეს, რომ ბელა საქართველოს საზღვარზე, დიდი ოდენობის ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით დააკავეს. უცხოური მედიების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი არ ამბობს, რომელი ქვეყნიდან შემოვიდა ბრიტანელი ქალი საქართველოში და იყო თუ არა საქართველო მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი. პროკურორმა საქმის სასამართლოში წარდგენამდე მტკიცებულებების მოსაძიებლად 55 დღე მოითხოვა და BBC-ის ცნობით, ეს ვადა შესაძლოა კიდევ შვიდი თვით გაგრძელდეს. დაკავებულის ადვოკატის, ია თოდუას თქმით პოლიცია არკვევს საიდან აღმოაჩნდა 18 წლის სტუდენტს დიდი ოდენობის ნარკოტიკები და აპირებდა თუ არა ის ნარკოტიკების გადაცემას. “უწყების განმარტებით, ხანგრძლივი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება, რათა შეაგროვონ მტკიცებულებები, და დაადგინონ, თუ საიდან მოიპოვა ნარკოტიკები და აპირებდა თუ არა ვინმესთვის გადაცემას,” — განაცხადა ადვოკატმა. ბელამ წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ორსულადაა. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ბელა შოკშია, დაბნეული და შეშინებული, რადგან არ იცნობს ადგილობრივ სამართლებრივ სისტემას. ბელას მამა, ნილ კალლი, რომელიც ვიეტნამში იმყოფებოდა, უკვე თბილისშია, რათა დაეხმაროს შვილს. დაკავებულის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, 18 წლის ქალი, სავარაუდოდ ის ნარკომოვაჭრეებმა გამოიყენეს და თავად საქმის არსი არ იცოდა. BBC-ის ცნობით, დაკავებულს სხვა ადვოკატებიც დაუკავშირდნენ და ბრიტანეთის საკონსულო სამსახურმა მასთან შეხვედრა დაგეგმა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ “მხარს უჭერს საქართველოში დაკავებული ბრიტანელი ქალის ოჯახს”. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბელა მეი კალლის 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
12 კგ. მარიხუანა, 2 კგ. ჰაშიში — ბრიტანეთის ორსული 18 წლის მოქალაქე საქართველოს საზღვარზე დააკავეს
