“ეჭვგარეშეა, რომ დამნაშავეები, რომლებიც დამნაშავეები არიან სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში, სამხრეთ ოსეთში შეჭრის, მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმისა და ოსი ხალხის წინააღმდეგ გენოციდის ბრძანების გაცემისას, უნდა დაისაჯონ “, – ასეთია, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხმაურება,”ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობას და მათ შორის, 2008 წლის ომს იძიებს.
„რამდენად ზუსტად და გამჭვირვალედ მიუდგება მოქმედი კომისია 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებას, დრო გვიჩვენებს, მაგრამ საერთაშორისო კომისიის მუშაობის შედეგები ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველო აგრესორია, აშკარაა“, – წერია განცხადებაში.
ე.წ. უწყება წერს, რომ აშკარა არის სამხრეთ ოსეთის ხალხის არჩევანი: დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენება, მისი უსაფრთხოების გარანტი რუსეთთან და სხვა მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი განმტკიცებისკენ სწრაფვა. განცხადებაში საქართველო მოხსენიებულია, როგორც მეზობელი სახელმწიფო.
2024 წლის 14 სექტემბერს, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულმა ბიძინა ივანიშვილმა გორში თქვა, რომ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული მთავარი სათქმელი გორელებისთვის ჰქონდა შემონახული:
„26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.
ამის შემდეგ, 10 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ “ძალაშია გზავნილი, [ივანიშვილის ბოდიში] რომელიც ჩვენი მხრიდან გაჟღერდა”.
ამის შემდეგ, რუსეთმა, “ოცნებას” არაერთხელ შეახსენა, რომ ბოდიშის მოლოდინში არიან.
რუსეთს სურს, “ქართულმა ოცნებამ” შეასრულოს დაპირება და 2008 წლის ომის გამო, ბოდიში მოიხადოს