14 წელი გახდა, რაც “გალფი” საქართველოშია – საერთაშორისო ნავთობკომპანია Gulf-ის ქვეყანაში ოპერირებისა საიუბილეო წლისა და განვლილი მიღწევების შესახებ Gulf Georgia-ს ვიცე-პრეზიდენტი ნინჩო ჯიბლაძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
14 წლის განმავლობაში განხორციელებულ გამორჩეულ პროექტებზე საუბრისას, ნინჩო ჯიბლაძე აღნიშნავს, რომ რჩება უამრავი რამ, რაც “გალფის” სახელით ჩუმად და უანგაროდ გაკეთებულა.
„დღეს გალფის დაბადების დღეა!
14 წელი გახდა, რაც “გალფი” საქართველოშია.
ამ 14 წელიწადში დავაგროვეთ უთვალავი მოგონება, რომლებსაც ვერანაირი პოსტი ვერ აღწერს. “გალფელებმა” ერთმანეთს ვასწავლეთ, რომ ჯანსაღი და ძლიერი კორპორაციული გარემოს შექმნისთვის მთავარია – ლოიალურობა, შრომა, ერთმანეთისგან სწავლა, ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული. სწორედ ადამიანების თავდადებით არის “გალფი” ძლიერი და წარმატებული კომპანია და კი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე “გალფი” არის ერთი დიდი ოჯახი!
ამ 14 წელიწადში:
- გვყავს 400 სტიპენდიანტი, რომლებსაც სწავლის პირველ წელს 300 ლარი სტიპენდია ერიცხებათ მთელი წელი ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგისთვის;
- ავაშენეთ 6 საკალათბურთო მოედანი – გეგმაშია კიდევ 14 მოედნის აშენება ზაზა ფაჩულიასთან ერთად;
- შევიფარეთ, ვუვლით და გვიყვარს 400 ზე მეტი ძაღლი;
- 2500 სოფელში მოვაწყვეთ სასკოლო ბიბლიოთეკები გიორგი კეკელიძესთან ერთად;
- დავასუფთავეთ და დავალაგეთ საქართველოს მეტად დაბინძურებული ზონები – დავნერგეთ პროგრამა “ნუ დაყრი ნაგავს, მოუარე საქართველოს”;
- 2012 წელს დავიწყეთ ტურიზმის პოპულარიზაციის პროექტი “მოუარე საქართველოს” და იქამდე არნახულ ადგილებში ჩავიყვანეთ ჩვენი მომხმარებელი;
- განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული 40ზე მეტი ახალგაზრდა გავუშვით ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში;
- დავაფინანსეთ არაერთი მეტად საჭირო პროექტი, რომელიც კულტურას ეხებოდა;
- ჩვენი სტიპენდიანტები წავიყვანეთ ნეაპოლში – ხვიჩა კვარაცხელიას გასაცნობად და საგულშემატკივროდ. ასევე ამერიკაში, სადაც მოინახულეს სტენფორდის უნივერსიტეტი, გუგლის და ფეისბუკის შტაბბინები;
- 12 მოზარდი აფხაზეთიდან გავამგზავრეთ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ;
- გვყავს 1272 ოჯახი, რომლებსაც განსაკუთრებით უჭირთ და ყოველ წელს, საშობაოდ ერიცხებათ “გალფისგან” თანხა;
- დავეხმარეთ ძალიან ბევრ გასაჭირში მყოფ დედას, რომლებსაც ყველა იმედი ჰქონდათ გადაწურული
- ვართ ჰოსპისი “ციცინათელების ქვეყანა”-ს მეგობარი პირველივე დღიდან. ვეხმარებით აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს, ვართ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ასოციაციის სპონსორი და არასოდეს გვავიწყდება ის ბავშვები, რომლებსაც ყველაზე მეტად ვჭირდებით;
- გვაქვს განათლების პროგრამა, რომლის ფარგლებში ვაფინანსებთ თანამშრომლებს, ჩვენს მოლარე ოპერატორებს
უამრავი რამ, რასაც ვერ ვიხსენებ, რაც “გალფის” სახელით ჩუმად და უანგაროდ გაკეთებულა. გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, მისი ყველა კუთხე კუნჭული – სადაც ვართ, ყველგან ვცდილობთ მაქსიმალურად დავეხმაროთ ადგილობრივებს თუ გზაზე მყოფ ტურისტებს!
ასე იქნება სულ, სანამ ხალხს ვჭირდებით და სანამ ვართ!
გვჯერა, რომ განათლება ყველაზე მთავარია და რომ, მომავალი ჩვენია და მომავალი თქვენია!“, – წერს ნინჩო ჯიბლაძე.
კომპანიის შესახებ
ნავთობკომპანიაა Gulf Georgia ქართულ ბაზარზე 2010 წლის მარტიდან ოპერირებს და შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას” სახელით არის წარმოდგენილი.
მსოფლიო ბრენდი 1901 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნდა. დღეისთვის Gulf Oil International ნავთობპროდუქტების დისტრიბუციას 100-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს და ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა მსოფლიო ბაზარზე.
საქართველოს მასშტაბით Gulf Georgia 140 ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს, მათგან 43 თბილისში მდებარეობს. საწვავის იმპორტს კომპანია ევროპის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნებიდან აწარმოებს და ხარისხის კონტროლის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.