საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინაცია შედგა. მან ამის შემდეგ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საზოგადოებას მთავარ გამოწვევებსა და საკითხებზე შეჯერებულ პოზიციებს გააცნობენ, თუმცა ეს არ გამორიცხავს ცალკეული პარტიების მხრიდან საკუთარი ხედვის გაჟღერებას.

“კოორდინაცია დღეს შედგა, ის კოორდინაცია რომელიც გუშინ იქნა გამოცხადებული თავისი წესებით, ის რომ ჩვენ უნდა შევაჯეროთ პოზიციები დღეს ქვეყანაში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და საკითხებზე და ის შეჯერებული პოზიციები გაგაცნოთ, რაც არ გამორიცხავს სხვათა შორის, რომ ინდივიდუალურმა პარტიებმა შემდეგ თავიანთი ხედვებიც წარადგინონ სხვანაირად, რაც არ იქნება ერთობლივად შეთანხმებული. ეს არის ასეთი ფორმის კოორდინაცია, რომელიც დღეს იწყებს მუშაობას. უნდა ითქვას, რომ გუშინდელი პროტესტი ყველას გვაძლევს ძალიან დიდ იმედს და ადასტურებს, რომ ხელისუფლების რეპრესიულმა პოლიტიკამ ვერ დაშალა ეს პროტესტი. ეს პროტესტი არსებობს საზოგადოებაში და როცა ეძლევა საშუალება, რომ უფრო ძლიერად გამოჩნდეს, გამოჩნდება, არის მუდმივი და ვერაფერი აშინებს მის მონაწილეებს.

ასევე დღეს მიმდინარეობს კიდევ ერთი შეტევა პოლიტიკურ სპექტრზე, პოლიტიკური დევნა ახალ ეტაპზეა და ამაზეც ვართ შეთანხმებული, რომ ეს უნდა იყოს ჩვენი ერთობლივი პოზიციების ერთ-ერთი მიმართულება. ვნახავთ, როგორი იქნება ხელისუფლების გადაწყვეტილებების ფორმა, მაგრამ ამითაც პოლიტიკურ სპექტრს ვერ შეაშინებენ”,- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, შეთანხმება შედგა, რომ ევროსაბჭოში 7 აპრილს დაგეგმილი სესიისთვის ერთობლივი დოკუმენტი მომზადდეს, სადაც აქცენტები პოლიტიკურ პატიმრებსა და ახალ რეპრესიულ კანონებზე იქნება.

სალომე ზურაბიშვილმა პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნით ინიციატივა 31 მარტს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე გააჟღერა. როგორც სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, ამ პლატფორმის მთავარი პრინციპია, რომ იგი ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, ვინც მზად არის გვერდზე გადადოს პოლიტიკური შეუთავსებლობები, გაიზიარონ პროტესტის ორივე მთავარი მზიანი: დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *