სავარაუდოდ, არც ის არის შემთხვევითი, რომ ეს წერილი შესაბამისი კანონების მიღების შემდეგ გავრცელდა. ეს აჩენს განცდას, რომ აღნიშნული საკითხები გარკვეულ დონეზე განხილული იყო ორმხრივ ფორმატში, ხოლო წერილი წარმოადგენს არა მხოლოდ ზოგად პოზიციას, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებზე რეაგირებასაც.
დიდი პროფესიონალიზმი არ სჭირდება არც ამის დანახვას და არც იმის გააზრებას, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი!”, – აცხადებს ლევან დოლიძე.
ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა www.globalnews.ge-ს შეკითხვას, თუ როგორია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია, ცოტა ხნის წინ, წერილობით უპასუხა.
“ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის. აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. რაც შეეხება “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს – როგორც ვიცე პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი. შეერთებული შტატები, 33 წლის განმავლობაში, საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია და ამ ხნის განმავლობაში ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიღებულ წერილში.
ამის პარალელურად, ცნობილი ხდება რომ ტრამპმა 10%-იანი ტარიფები დაუწესა საქართველოს.
ამ ყველაფრის ფონზე “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს კი აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინი აქვს.
როგორც მან „იმედის“ ეთერში განაცხადა, „საქართველო არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ეკონომიკის მქონე ქვეყანა, თუმცა უნდა მოვძებნოთ ის საერთო ინტერესები, რაც შეიძლება გვქონდეს აშშ-სთან, რომ საქმეზე დაფუძნებული ურთიერთობები გავაგრძელოთ“.