6 შენობა, რომლების მაქსიმალური სართულიანობა 30-ს შეადგენს, რეკრეაციული და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონები – ასეთია „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიის განვითარების პროექტი. სააქციო საზოგადოება „ექსპო ჯორჯია“ საინვესტიციო პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებას ამ ეტაპზე თბილისი მერიის მუნიციპალური განვითარების სააგენტოსთან ათანხმებს.
სააქციო საზოგადოება “ექსპო ჯორჯია” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბიზნესმენი მინდია საბანაძეა. ის ასევე IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, რომლის პორტფელში თბილისში შესრულებული თუ მიმდინარე მსხვილი პროექტები ერთიანდება, ისეთები როგორებიცაა “სითი მოლი” საბურთალო და “სითი მოლი” გლდანი, ასევე 300 მლნ დოლარის ღირებულების საინვესტიციო CITYZEN Central Park.
უწყების ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტის მიხედვით წერეთლის გამზირზე გამოფენის ტერიტორიაზე 7 საცხოვრებელი, 2 საოფისე-კომერციული, ერთი კაფე-რესტორნისთვის გათვალისწინებული საპროექტო შენობის აშენება, ასევე საზოგადოებრივ-საქმიანი და რეკრეაციული ზონებისა და მიწისქვეშა პარკინგების მოწყობაა დაგეგმილი. ატვირთული დოკუმენტაციის მიხედვით, 2 შენობა 20-სართულიანია, ერთი – 24-სართულიანი, 3 შენობა – 25-სართულიანი, ერთი 27-სართულიანი, ერთი კი 30-სართულიანი.
საპროექტო კომპანიის განმარტებითი ბარათში წერია:
„თბილისში, აკაკი წერეთლის 118-ში და 118 ბ-შ9 მდებარე სს „ექსპო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებულ 100 982 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც დღეის მდგომარეობით განთავსებული პავილიონები (ე.წ. გამოფენის ტერიტორია). ტერიტორია სამი მხრიდან შემოსაზღვრულია გზებით, ძირითადი ფრონტი განთავსებულია აკაკი წერეთლის გამზირის მხარეს, ხოლო დანარჩენი ნაწილების სამტრედიის და სტანისლავსკის ქუჩებზე.
მოქმედი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით ტერიტორიის ძირითად ნაწილზე ვრცელდება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2, ხოლო მცირე ნაწილზე რეკრეაციული ზონა 2, ზოგადი საცხოვრებელი ზონა და სატრანსპორტო ზონა 1.
საპროექტო წინადადებით დაგეგმილია 01.13.05.002.113 და 01.13.05.002.071 ნაკვეთების გაერთიანება. ტერიტორიის ძირითად ნაწილზე გავრცელდება საზოგადოებრივ-საქმინი ზონა 2, ხოლო გამწვანებულ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა 1. აღსანიშნავია, რომ სსზ 2-ის 4.6 კ2 კოეფიციენტიდან ვითვისებთ მხოლოდ 3.3-ს. სამშენებლო განვითარებია დაგეგმილია ნაკვეთის ჩრდილოეთით და სამხრეთით, ნარჩუნდება არსებული პავილიონები, ასევე რეკრეაციული სივრცე. ამდენად, საპროექტო ფუნქციური ზონის ფართობი და კოეფიციენტებია:
საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 – 76 373 კვ.მ., კ1 – 0.5, კ2 – 3.3; კ3 – 0.3.
რეკრეაციული ზონა 1 – 24 609 კვ.მ, კ1 – 0.2, კ2, კ3 – 0.8.
საპროექტო ტერიტორიაზე დაგეგმილია 6 შენობის განთავსება, რომელთა მაქსიმალური სართულიანობა შეადგენს 30 სართულს და შეესაბამება მიმდებარედ არსებულ ინტენსივობას. კანონმდებლობით განსაზღვრული სავალდებულო ავტოსადგომები სრულად განთავსდება შენობებში, ძირითადად მიწისქვეშა სართულებზე“.