„ჩვენ 2 000-მდე უსახური ავტოფარეხის ნაცვლად რომ 100-მდე სკვერი მოვაწყვეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქალაქისთვის, ისე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. ყველას დიდი მადლობა, ვინც გვენდო. არ იყო მარტივი პროცესი. მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა დიდი სამუშაო გასწიეს მოსახლეობის დასარწმუნებლად. ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გავაგრძელებთ მომავალშიც, რომ მსგავსი უსახური ავტოფარეხების პრობლემა მოვაგვაროთ“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მისივე ინფორმაციით, 2017 წლიდან დღემდე დედაქალაქში სამშენებლო ნებართვები რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე არ გაიცემა, სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობის მიზნით კი თბილისის მერიამ 48 მესაკუთრის 54 მიწის ნაკვეთი გამოისყიდა, რომელთა ჯამური ფართობიც 115 ათასი მ²-ია, ჯამური ღირებულება კი – ₾116.5 მილიონი.
„რეკრეაციული სივრცეების შენარჩუნება და განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2017 წლიდან დღემდე, არ გაიცემა არცერთი სამშენებლო ნებართვა რეკრეაციული სივრცის ხარჯზე. უკვე 48 მესაკუთრისგან არის გამოსყიდული სხვადასხვა მიწის ნაკვეთი. მუნიციპალიტეტმა არაერთი რეკრეაციული სივრცე მოაწყო მსგავს ტერიტორიაზე“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ბოლო წლების განმავლობაში, გამწვანებული ტერიტორიების, არსებული ან სამომავლო განვითარებით გათვალისწინებული სკვერის და სპორტული მოედნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მიღების მიზნით, 48 მესაკუთრესთან განხორციელდა 54 მიწის ნაკვეთის მონაცვლეობა/გამოსყიდვა.
მერიის ინფორმაციით, ჩუღურეთში 20 ავტოფარეხის სანაცვლოდ მოეწყო 2 სკვერი; ნაძალადევში – 65 ავტოფარეხის სანაცვლოდ 2 სკვერი; დიდუბე – 308 ავტოფარეხის სანაცვლოდ 13 სკვერი და იგეგმება 4 სკვერისა და ერთი სტადიონის მოწყობა; საბურთალო – 350 ავტოფარეხის სანაცვლოდ 10 სკვერი; ვაკე – 49 ავტოფარეხის სანაცვლოდ 4 სკვერი; სამგორი – 578 ავტოფარეხის სანაცვლოდ 15 სკვერი; გლდანი – 210 ავტოფარეხის სანაცვლოდ 21 სკვერი; კრწანისი – 5 ავტოფარეხის სანაცვლოდ 2 სკვერი; ხოლო ისანში 83 ავტოფარეხის სანაცვლოდ მოეწყო 12 სკვერი.