“2017-2023 წლებში საქართველოში წარმოებული სასმელების ექსპორტი 10%-ით გაიზარდა და 2023 წელს $463 მილიონს მიაღწია”, – ამის შესახებ PMCG კვლევითი ცენტრის სექტორულ ანალიზშია საუბარი.
როგორც კვლევის ანგარიშშია აღნიშნული, ამავე პერიოდში 6%-ით გაიზარდა სასმელების მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტიც. დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს ექსპორტის 29% სწორედ SME სექტორზე მოდიოდა, 71% კი – მსხვილ ბიზნესზე.
მიუხედავად იმისა, რომ მზარდია მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტის მაჩვენებლები, კვლევის თანახმად, საექსპორტო ბაზრებში ევროკავშირის წილი კლებულობს.
კერძოდ, 2017-2023 წლებში ევროკავშირში სასმელების ექსპორტი 8 პროცენტული პუნქტით შემცირდა, მცირე და საშუალო საწარმოების შემთხვევაში კი – 23 პროცენტული პუნქტით. თუ 2017 წელს სასმელების ექსპორტში ევროკავშირის წილი SME სექტორისთვის უფრო მაღალი იყო, 2023 წელს EU-ს წილი 9%-მდე შემცირდა, მსხვილი ბიზნესებისთვის კი – 11%-მდე.
PMCG კვლევის თანახმად, 2017-2023 წლებში სასმელების ექსპორტის ძირითადი ნაწილი “ეთილის ალკოჰოლის, სპირტების, ლიქიორებისა და სხვა სპირტიანი სასმელების” კატეგორიაზე მოდიოდა. სასმლის ტიპის მიხედვით ექსპორტი ასე ნაწილდება:
- ეთილის ალკოჰოლის, სპირტების, ლიქიორებისა და სხვა სპირტიანი სასმელები – 43%
- ბუნებრივი/ხელოვნური მინერალური და გაზიანი წყლები – 36%
- არომატიზებული მინერალური და გაზიანი წყლები, რომლებიც დამატებით შაქარს ან დამატკბობელს შეიცავენ – 15%
- ხილისა და ბოსტნეულის წვენები – 3%
- ლუდი – 2%
- სხვა – 1%
ევროკავშირის შემთხვევაში, საექსპორტო პროდუქციის 55% ალკოჰოლურ სასმელებზე მოდის. EU-ში გაგვაქვს ასევე ვერმუტი და ახალი ყურძნის ღვინოები. ევროკავშირში TOP 5 საექსპორტო სასმელია:
- ეთილის ალკოჰოლის, სპირტების, ლიქიორებისა და სხვა სპირტიანი სასმელები – 55%
- ბუნებრივი/ხელოვნური მინერალური და გაზიანი წყლები – 30%
- ხილისა და ბოსტნეულის წვენები – 8%
- არომატიზებული მინერალური და გაზიანი წყლები, რომლებიც დამატებით შაქარს ან დამატკბობელს შეიცავენ – 3%
- ვერმუტი და ახალი ყურძნის სხვა ღვინოები – 2%
- სხვა – 2%