დაახლოებით 4 წელია, სასამართლოში ლაშა პაპაშვილის “ყვარლის ბაგასა” და რევაზ ვაშაკიძის კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანია ჩირინას” შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს.
საქმის მასალების მიხედვით, დავის საგანი ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი “ჩირინას” მიერ მიწოდებული ქათმის ნაკელია, რომელმაც ” ყვარლის ბაგას” ცხოველების ნაწილი დახოცა. ქათმის ფერმაში ამბობენ, რომ მათ პროდუქცია არა – საკვებად, არამედ სასუქად მიჰყიდეს, მისით ცხოველების კვება აკრძალულია და ამიტომ, არ შევლენ დავის სხვა დეტალებში. მოსარჩელე მხარე კი ამბობს, რომ “ჩირინას” არაერთი სიტყვიერი და წერილობითი რწმუნების მიუხედავად, რომ ასე არ იქნებოდა, ნაკელში ანტიბიოტიკი აღმოჩნდა.
BM.GE “სანტეს” დაუკავშირდა და ჰკითხა, 2018 წლის შემდეგ, აღადგინეს თუ არა კომპანიებმა თანამშრომლობა და თუ ბოლო 7 წელი “ყვარლის ბაგას” რძე აღარ მიუღიათ. “სანტეში” ამბობენ, რომ “ყველა პარტია მოწმდება და მხოლოდ ამის შემდეგ ეშვება წარმოებაში”
,,სანტე” 1997 წლიდან დღემდე უმსხვილესი რძის გადამამუშავებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც წლის განმავლობაში 20 მილიონ ლიტრამდე რძეს იბარებს და ამუშავებს. თანამშრომლობს საქართველოს ბაზარზე არსებულ ყველაზე მსხვილ ფერმებთან, და გარდა ამისა, ფლობს რძის ჩაბარების პუნქტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
,,სანტეს“ დანერგილი აქვს რძის ხარისხის კონტროლის უმკაცრესი სტანდარტები. მათ შორის არის: რძეში ანტიბიოტიკის შემოწმება, ცხიმისა და ცილის იდენტიფიცირება, რძის მიკრობიოლოგიური ანალიზი.
ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში რძე უბრუნდება ფერმას და არ გამოიყენება წარმოების პროცესში. 2018 წელს სწორედ ,,სანტემ“ აღმოაჩინა შეუსაბამობა „ყვარლის ბაგის“ რძეში, კერძოდ, ანტიბიოტიკები, რაც საქმეში წარმოდგენილი მასალებითაც დასტურდება. ამ მიზეზით უარი განაცხადა რძის მიღებასა და წარმოებაში მის გამოყენებაზე.
საწარმოში დანერგილი ხარისხის კონტროლის ევროპული და უმკაცრესი შიდა სტანდარტები, ასევე ISO, HACCP არის გარანტია იმისა, რომ რძე, რომელიც შეუსაბამოა ხარისხის სტანდარტებთან, არ გამოიყენება წარმოებაში.
,,სანტე“ არის კომპანია, რომელიც ყოველთვის აწარმოებს უმაღლესი ხარისხის უსაფრთხო რძის პროდუქტებს მთელი საქართველოსთვის”, – წერს “სანტე”.