განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტის, [რომელიც საკანონმდებლო პაკეტია] მიზანია 2019 წელს მიღებული „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის დახვეწა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, რაც მედიაციის ინსტიტუტისა და მედიატორის პროფესიის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ინიციატორების განმარტებით, კანონის მოქმედების პერიოდში გამოვლინდა სხვადასხვა საკითხი, რომელიც კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობების უკეთ მოწესრიგებას საჭიროებს. სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორებაა ცვლილებების მთავარი მიზანი. პრობლემის მოგვარება, მისი არსიდან გამომდინარე, მხოლოდ საკანონმდებლო დონეზეა შესაძლებელი.
რას შეცვლის ახალი კანონპროექტი?
კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს:
- მედიატორთა პროფესიული განვითარება: საქართველოს მედიატორთა ასოციაციის საერთო კრებას მიენიჭება უფლებამოსილება, დაამტკიცოს მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განვითარების სისტემა. ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს კი დაევალება შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
- ეთიკის კომისია: საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ფარგლებში შეიქმნება ეთიკის კომისია. მისი ფუნქცია იქნება მედიატორთა მიერ ეთიკის ერთიანი სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტა.
- გასაჩივრების მექანიზმი: მედიატორისთვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში.
- ხარვეზების აღმოფხვრა: გამოსწორდება სამედიაციო მორიგების აღსრულებასთან და საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებულ ნორმებში არსებული ხარვეზები.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტს.