2024 წელს გლობალურად ელექტროენერგიის გენერაციაში 32%-იანი წილი განახლებად წყაროებზე მოდიოდა

2024 წელს გლობალურად ელექტროენერგიის გენერაციაში 32%-იანი წილი განახლებად წყაროებზე მოდიოდა
განახლებადი რესურსების გენერაციამ გასულ წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოებაში რეკორდული, 32%-იანი წილი დაიკავა – ამის შესახებ Ember-ის ანგარიშშია აღნიშნული, სადაც ასევე წერია, რომ გასულ წელს ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ჯამურად 4%-ით გაიზარდა, რაც მონაცემთა ცენტრების პოპულარობასთანაა დაკავშირებული.

როგორც კვლევის ავტორი და Ember-ის ანალიტიკოსი Reuters-თან აღნიშნავს, ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშები და ტრამპის მიერ წამოწყებული სავაჭრო ომი, განახლებად ენერგიაზე მოთხოვნას მიმდინარე წელსაც გაზრდის.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების ელექტროენერგიაზე მოთხოვნაზე გავლენის შეფასება ჯერ ადრეა, უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს განახლებადი ენერგიისთვის სასარგებლო იქნება.

“ქვეყნები უფრო მეტს ფიქრობენ თავდაცვასა და ენერგოუსაფრთხოებაზე, რაც, ვფიქრობ, იმას ნიშნავს, რომ განახლებადი ენერგია მათთვის უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება”, – განაცხადა იუან გრემმა.

Ember-ის გლობალური ელექტროენერგიის კვლევა აჩვენებს, რომ 2024 წელს ქარის, წყლისა და მზის რესურსებმა სრულ გენერაციაში 2023 წლის 30%-იანი რეკორდი დაძლიეს. მიუხედავად გეოპოლიტიკური სიძნელეებისა, განახლებადი ენერგიის ინდუსტრიამ გენერაცია 858 ტერავატ/საათით გაზარდა, რაც გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის ჯამურ წლიურ მოხმარებას აღემატება.

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 0.7%-ით ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების გამრავლების ფონზე გაიზარდა. ასევე 0.7%-იანი წვლილი ჰქონდა ცხელ ამინდსაც, რა დროსაც გაგრილების სისტემებზე მოთხოვნა უფრო მაღალი იყო.

რაც შეეხება წარმოებას, ელექტროენერგიის გენერაციაში მთავარი წყარო კვლავ ქვანახშირია, რომლის წილმაც გასულ წელს 34% შეადგინა, რაც 2 პროცენტული პუნქტით უფრო დაბალია, ვიდრე 2023-ში. გაზის ელექტროსადგურების კონტრიბუციამ 22% შეადგინა, ბირთვული ენერგიის წარმოებამ კი – 9%.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *