2024 წელს სასაკლაოების მომსახურება გაძვირდა – რამდენი ხორცი იწარმოვა?

2024 წელს სასაკლაოების მომსახურება გაძვირდა – რამდენი ხორცი იწარმოვა?

2024 წელს საქართველოში ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოების რაოდენობა 13-ით შემცირდა და ქვეყანაში 131 ობიექტი ფუნქციონირებდა.

საქსტატის მიერ სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითადი შედეგების მიხედვით, აქედან 17.6% – კახეთის რეგიონში, 16% – ქვემო ქართლის რეგიონში, 16% – შიდა ქართლის რეგიონში, 13.7% – იმერეთის რეგიონში, 10.7% – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 26% სხვა რეგიონებშია განთავსებული.

2024 წელს სასაკალაოების მომსახურება გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შემდეგნაირი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 38.1 ლარი [2023 წელს – 34.4], ცხვრის ან თხის – 14.9 ლარი [2023 წელი – 15.9 ლარი], ღორის – 30.8 ლარი [2023 წელი – 29.6 ლარი].

ამასთან, წლის განმავლობაში სასაკლაოების დატვირთვა გაიზარდა და 520 ათასი სული პირუტყვი დაიკლა, მათ შორის 30.6% – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხოლო 69.4% – წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 12 243.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

დატვირთვის პარალელურად გაიზარდა წარმადობაც და სასაკლაოების მიერ 2024 წლის განმავლობაში 63 020.9 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 29.9% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 35% – ფრინველის, 33.9% – ღორის, 1.2% – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

თუმცა 2024 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 30.6 ათას პირს, მაშინ როდესაც 2023 წელს ეს რიცხვი 40 300-ს შეადგენდა. აქედან 53.6% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 113 კაცი შეადგინა.

2024 წლის განმავლობაში სასაკლაოებში წარმოებული ხორცისგან სასაკლაოს მიერ შესყიდული იყო 8 728.2 ტონა, საიდანაც 30.8% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 5.2% – ფრინველის ხორცზე, ხოლო 63.5% – ღორის ხორცზე.

სასაკლაოების თითქმის ნახევარი (49.6%) სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 46.6% აღჭურვილია ნაწილობრივ, 3.8% კი არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

სასაკლაოების 66.4% არ სარგებლობს სესხით, ხოლო 33.6%-ს აღებული აქვს სესხი სხვადასხვა მიზნით: 61.4%-ს – ძირითადი კაპიტალის შეძენისთვის, 25%-ს – საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 13.6%-ს როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი კაპიტალისთვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *