2024 წელს საქართველოდან გერმანიაში ლეგალურად 1300-მდე პირი დასაქმდა, ისრაელში პროგრამა გაჩერებულია

2024 წელს საქართველოდან გერმანიაში ლეგალურად 1300-მდე პირი დასაქმდა, ისრაელში პროგრამა გაჩერებულია
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2024 გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამით 1 296 ადამიანი დასაქმდა.

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ – ასე ჰქვია შეთანხმებას, რომელსაც ხელი 2020 წელს მოეწერა. დასაქმების მიზნით 2021 წელს სპეციალური გვერდი workabroad.moh.gov.ge-ც შეიქმნა. ანგარიშის მიხედვით, სულ ბაზაში რეგისტრირებულია 100 259 პირი (2024 წელს დარეგისტრირდა 379 პირი). 2022 წლიდან პროგრამაში გაჩნდა ახალი კომპონენტი და გერმანელ დამსაქმებლებს შესაძლებლობა მიეცათ საქართველოს მოქალაქეებთან უშუალოდ დაემყარებინათ კომუნიკაცია და თავად მიეწვიათ სამუშაოზე.

სააგენტოს განცხადებით, ამ კომპონენტის გაჩენით უფრო მეტ მოქალაქეს მიეცა საშუალება გაიოლებული პროცედურებით ჩართულიყო პროგრამაში. 2024 წელს 1 296 საქართველოს მოქალაქეს მიეცა საშუალება ესარგებლა აღნიშნული სქემით და ჩართულიყო სოფლის მეურნეობის სექტორის სეზონურ სამუშაოებზე.

ცირკულარული შრომითი მიგრაციის კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც ისრაელში დასაქმებას გულისხმობდა გაჩერებულია. 2020 წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცათ ისრაელში დასაქმებულიყვნენ. პროგრამა ითვალისწინებდა საქართველოს მოქალაქეების დამხმარედ დასაქმებას ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებისათვის განკუთვნილ დაწესებულებებში.

აღნიშნულ პოზიციაზე, ისრაელში დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია 2021 წლის აპრილში დაიწყო. სქემის განხორციელების პროცესში, ასევე ისრაელის მხარესთან გაწეული კონსულტაციების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო შექმნილიყო მოკლევადიანი, სპეციალური სასერტიფიკატო კურსი, რომელიც მსმენელს მისცემდა შესაძლებლობას შეეძინა გერიატრიული ასისტენტის სპეციალისტებისთვის საჭირო მინიმალური კომპეტენცია. სააგენტოს ინფორმაციით, განათლების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით 144 საათიანი სასერტიფიკატო კურსიც შეიქმნა.

“2024 წელს, ისრაელში ექთნის დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმების მიზნით დარეგისტრირების სურვილი გამოთქვა 40-მა პირმა, მათ შორის 4 დარეგისტრირდა წარმატებით. ამ ეტაპისთვის პროგრამის განხორციელება შეჩერებულია ისრაელში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო”, – წერია ანგარიშში.

ცირკულარული შრომითი მიგრაციის სახელმწიფოთაშორისი სქემების უმთავრესი მიზანია არალეგალური შრომითი მიგრაციის საპირწონედ, საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება მოკლე ვადით ლეგალურად დასაქმდნენ. ამგვარი ხელშეკრულებები და შესაბამისი საიმპლემენტაციო ოქმები გაფორმებულია ოთხ ქვეყანასთან: გერმანიასთან, ისრაელთან, საფრანგეთთან და ბულგარეთთან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *