EIU-მა მსოფლიოს 173 ქვეყანა 30 სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა, თითოეული მათგანი კი 5 კატეგორიაში გადაანაწილა. ესენია: სტაბილურობა, ჯანდაცვა, კულტურა და გარემო, განათლება და ინფრასტრუქტურა.
აღმოჩნდა, რომ წელს ინდექსის საშუალო შეფასება, გასული წლის მსგავსად, 76.1 ქულაა. მიუხედავად ამისა, ანგარიში აჩვენებს, რომ შეინიშნება სტაბილურობის კატეგორიაში კლების ტენდენცია, რაც გლობალურად გეოპოლიტიკური კონფლიქტების გახშირებითაა განპირობებული.
საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების რეიტინგში მოწინავე პოზიციებს ევროპისა და განვითარებული აზიის ქალაქები იკავებენ. ათეული კი ასე გამოიყურება:
10. ვანკუვერი, კანადა – 95.8 ქულა
რეიტინგში მეათე ადგილს ვანკუვერი იკავებს. კანადის ამ ქალაქში EIU-ს გამოკითხვის თანახმად, სტაბილურობა 95.0 ქულით, ჯანდაცვა 95.8 ქულით, კულტურა 97.2 ქულით, განათლება 100.0 ქულით, ხოლო ინფრასტრუქტურა 92.9 ქულით შეფასდა.
9. ადელაიდა, ავსტრალია – 95.9 ქულა
ავსტრალიის ქალაქი ადელაიდა რეიტინგში მეცხრე ადგილს იკავებს, კატეგორიების მიხედვით კი: სტაბილურობა – 95.0 ქულა, ჯანდაცვა – 100.0 ქულა, კულტურა – 91.4 ქულა, განათლება – 100.0 ქულა, ინფრასტრუქტურა – 96.4 ქულა.
8. ოკლენდი, ახალი ზელანდია – 96.0 ქულა
ოკლენდის სტაბილური გარემო 95.0 ქულით შეფასდა, ჯანდაცვა – 95.8 ქულით, კულტურა – 97.9 ქულით, განათლება – 100.0 ქულით, ხოლო ინფრასტრუქტურა – 92.9-ით.
7. ოსაკა, იაპონია – 96.0 ქულა
მეშვიდე ადგილს იაპონიის პრეფექტურის დედაქალაქი, ოსაკა იკავებს. ოსაკამ 100.0 ქულა დაიმსახურა სტაბილურობის, ჯანდაცვისა და განათლების კატეგორიებში, 86.8 ქულა – კულტურაში, 96.4 ქულა კი – ინფრასტრუქტურაში.
6. სიდნეი, ავსტრალია – 96.6 ქულა
სიდნეიში 100.0 ქულით შეფასდა ჯანდაცვისა და განათლების კატეგორიები, რაც შეეხება სტაბილურობას, ავსტრალიის ამ ქალაქმა 95.0 ქულა მოიპოვა, სიდნეის კულტურამ – 94.4 ქულა, ხოლო ინფრასტრუქტურამ – 96.4 ქულა.
5. ჟენევა, შვეიცარია – 96.8 ქულა
შვეიცარიის ამ ქალაქზე გამოკითხულთა შეფასება შემდეგნაირად გადანაწილდა: სტაბილურობა – 95.0 ქულა, ჯანდაცვა – 100.0 ქულა, კულტურა – 94.9 ქულა, განათლება – 100.0 ქულა, ინფრასტრუქტურა – 96.4 ქულა.
4. მელბურნი, ავსტრალია – 97.0 ქულა
ავსტრალიის შტატ ვიქტორიას დედაქალაქი რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს. ამ ზღვისპირა ქალაქმა ყველაზე მაღალი, 100.0 ქულა ჯანდაცვისა და განათლების კომპონენტებში მოიპოვა, ყველაზე დაბალი 95.0 ქულა კი – სტაბილურობაში. 95.8 ქულაა მელბურნის კულტურის, 96.4 ქულა კი – ინფრასტრუქტურის შეფასება.
3. ციურიხი, შვეიცარია – 97.1 ქულა
შვეიცარიის უდიდესი ქალაქი რეიტინგის სამეულს ხსნის და საცხოვრებლად ერთ-ერთი ყველაზე კომფორტულია. 95.0 ქულით ფასდება ციურიხის სტაბილურობა, 100.0 ქულით – ჯანდაცვა, 96.3 ქულით – კულტურა, 100.0 ქულით – განათლება და 96.4 ქულით – ინფრასტრუქტურა.
2. ვენა, ავსტრია – 97.1 ქულა
ინდექსით სამწლიანი ლიდერობის შემდეგ, ვენა მეორე ადგილზე 97.1 ქულით მოხვდა. რეიტინგში ვენა პირველია, რომელმაც 100.0 ქულა ინფრასტრუქტურის კომპონენტში მიიღო. ასევე 100.0 ქულითაა ვენის ჯანდაცვის და საგანმანათლებლო სისტემები შეფასებული. ქალაქის სტაბილურობა გამოკითხულთაგან 95.0-ქულიან შეფასებას იმსახურებს, კულტურა კი – 93.5 ქულას.
1. კოპენჰაგენი, დანია – 98.0 ქულა
რეიტინგში ერთადერთი ქალაქი, რომლის სტაბილურობაც 100.0 ქულითაა შეფასებული, კოპენჰაგენია. ამასთან, ქალაქი უმაღლეს შეფასებას იმსახურებს განათლებისა და ინფრასტრუქტურის კატეგორიებში. დანიის დედაქალაქში ჯანდაცვა 95.8 ქულით, ხოლო კულტურა 95.4 ქულით ფასდება.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ინდექსით კლების ტენდენცია ყველაზე მეტად დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა აჩვენებს, მათ შორის, რეიტინგში ჩამოქვეითდა გაერთიანებული სამეფოდან სამივე ქალაქი – ლონდონი, მანჩესტერი და ედინბურგი. პარალელურად, ჯანდაცვის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის კატეგორიებში საშუალო შეფასება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში გაუმჯობესებებმა კი ასევე გაზარდა შუა აღმოსავლური და ჩრდილო აფრიკული ქალაქების შეფასებებიც.