2035 წლისთვის სპილენძის გლობალური მიწოდება მოთხოვნას 35%-ით ჩამორჩება – IEA

2035 წლისთვის სპილენძის გლობალური მიწოდება მოთხოვნას 35%-ით ჩამორჩება – IEA
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, მწვანე ენერგიაზე გადაწყობისთვის საჭირო სპილენძზე მოთხოვნა, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, მიწოდებას გაუსწრებს. კერძოდ, IEA-ს ანალიზით, 2035 წლისთვის, ნებისმიერი ელექტროსისტემისთვის ძირითადი კომპონენტის, სპილენძის მიწოდება, მოთხოვნას 35%-ით ჩამორჩება.

როგორც ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი, ფატი ბაიროლი აღნიშნავს, ეს უდიდესი გამოწვევა იქნება და განგაშის გამოცხადებაა საჭირო. მისივე თქმით, განვითარებული ქვეყნების მიზანი სპილენძისა და სხვა, ინდუსტრიისთვის საჭირო მეტალების უფრო დიდი რაოდენობების გადამუშავება უნდა იყოს და ამისთვის განვითარებად ქვეყნებთანაც უნდა დაიწყონ თანამშრომლობა.

საქმე ისაა, რომ მზის პანელებისა და ქარის ტურბინების წარმოებისთვის აუცილებელი მინერალების დიდი ნაწილი ჩინეთში გადამუშავდება, მიუხედავად იმისა, რომ მათი მოპოვება ბევრგან, მათ შორის აფრიკაში, ავსტრალიასა და ლათინურ ამერიკაშიც ხდება. ენერგეტიკის ინდუსტრიაში საჭირო მთავარი 20 მინერალის 70%-ს სწორედ ჩინეთი ამუშავებს.

ბაიროლის თქმით, თუ მსოფლიოს უნდა, მწვანე ეკონომიკაზე გადაეწყოს, კრიტიკული მინერალების მარაგების გაზრდაზე უნდა იზრუნოს.

“დივერსიფიკაციაა მთავარი. დიდ ბრიტანეთს, ევროპას, აშშ-ს, სამხრეთ კორეას საჭირო ტექნოლოგიები აქვთ, აფრიკას და ლათინურ ამერიკას – რესურსები. შესაძლოა, ქვეყნებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობა შედგეს”, – განაცხადა IEA-ს დირექტორმა.

მისივე განმარტებით, მინერალებს შორის პრიორიტეტი სპილენძს უნდა მიენიჭოს, რადგან ახალი დეპოზიტების აღმოჩენიდან მეტალის წარმოებამდე 17-წლიანი შუალედია საჭირო. ბაიროლი აღნიშნავს, რომ თუ სპილენძის მოპოვება შემცირდა და მასზე ფასები გაიზარდა, ეს ენერგოტრანზაციაში შეფერხებებს გამოიწვევს.

“თუ მთავრობები დროულად იმოქმედებენ, პროგნოზირებული დეფიციტის შემცირება შესაძლებელია. გარდაუვალი არ არის, თუმცა მისი შერბილება შესაძლებელია. ამისთვის ბაზარზე ახალი პროექტების ძალიან სწრაფად გამოტანა, სპილენძის გადამუშავება და მისი ალუმინით და სხვა მეტალებით ჩანაცვლებაა საჭირო”, – თქვა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *