“დიდი კომპანიების მიმართ გაჩენილი უნდობლობის ფონზე, მომხმარებლებმა ალტერნატიული მეწარმეების ძიება დაიწყეს” – „მარიტა“
ბოლო რამდენიმე დღეა, “რძის სკანდალი” აქტუალობას არ კარგავს. საქმე ეხება „სოფლის ნობათის“ რძეში აფლატოქსინის აღმოჩენას და იქამდე “ყვარლის ბაგას” საკვებში ფრინველის ნაკელის გამოყენების გახმაურებაც. ფაქტებმა საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ამ მოვლენების ფონზე ბაზარზე არსებული მწარმოებელი კომპანიების მიმართ მომხმარებელთა ნაწილმა უნდობლობა გამოთქვა.
არსებულთან დაკავშირებით, BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „მარიტა“ დამფუძნებელმა, ქეთი ბოლქვაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეპუტაციული ზიანი, რომელიც აღნიშნულ კომპანიას მიადგა, მთლიან სექტორზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
მისივე განცხადებით, მომხმარებლები ახლა სიფრთხილით უყურებენ ბაზარზე არსებულ სხვა კომპანიებსაც და ალტერნატიულ მწარმოებლებს ეძებენ.
„ბოლო დღეებშიც ძალიან ბევრი მომხმარებელი გვწერდა, თუ როგორ იწარმოება ჩვენი პროდუქტი, რითაც ადრე არ ინტერესდებოდნენ. ყველას ავუხსენით, რომ ჩვენი საქონელი ზაფხულში ნედლ ბალახს, ხოლო ზამთარში ჩვენივე მოყვანილ ხორბალს, კორმას და თივას ჭამს. ჩვენ წარმოებაში, ჩვენივე ნედლეულის წილი 30%-ს შეადგენს, ხოლო 70%-ს ადგილობრივი ფერმერებისგან ვიბარებთ. თუმცა მათ მონიტორინგს მუდმივად ვახდენთ, თუ რა ხარისხის რძეს გვაწვდიან და რით კვებავენ ამ ფერმებში მყოფ პირუტყვს.
ჩვენს ბრენდზე ვერ ვიტყვით, რომ გაყიდვებზე მიმდინარე მოვლენები აისახა, ვინაიდან ჩვენმა მომხმარებლებმა თავიდანვე კარგად იცოდნენ, თუ როგორ ხდება ჩვენი პროდუქციის წარმოება. თუმცა, როდესაც სექტორის მიმართ უნდობლობა ჩნდება, მისი აღდგენა ძალიან რთულია. მეორეს მხრივ, დიდი კომპანიების მიმართ გაჩენილი უნდობლობის ფონზე, მომხმარებლებმა ალტერნატიული კომპანიების და მეწარმეების ძიება დაიწყეს”, – ამბობს ბოლქვაძე.
კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა ამ ვითარებაში არამარტო მწარმოებლებს, არამედ სახელმწიფოსაც ეკისრება, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ლაბორატორიული კონტროლის სისტემების ეფექტიანობას და მწარმოებლების მუდმივ მონიტორინგს.
“მსგავსი მოვლენების პროცესში პასუხისმგებლობა რამდენიმე პირს ეკისრება. პირველი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო, რომელმაც უნდა შექმნას პირობა, რომ მისმა მწარმოებლებმა პროდუქცია ლაბორატორიულად პერმანენტულად შეამოწმონ. მეორე, უკიდურესი შემთხვევაა მწარმოებელი, რომელმაც მუდმივი მონიტორინგი უნდა აწარმოოს თუ რა ნედლეულს იღებს საწარმოში“, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი და დასძენს, რომ მათი პროდუქციას და ბიუროკრატიულ საკითხებს სურსათის უვნებლობა ძალიან ხშირად ამოწმებს და ბოლო რამდენიმე წელია მათ დოკუმენტური ხარვეზიც კი არ ჰქონიათ.
სეს-ი: “სოფლის ნობათის” რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა