„დეილი ჯგუფმა“ და ისრაელის Tempo Beverages-მა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს.
როგორც BM.GE-ის „დეილი ჯგუფიდან“ აცნობეს, „დეილი ჯგუფმა“ ოფიციალურად დაასრულა მოლაპარაკებები ისრაელის წამყვან სასმელების მწარმოებელ კომპანიასთან – Tempo Beverages Ltd. [„ტემპო ჯგუფი“] და ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ტემპო ჯგუფი „ქართული ლუდის კომპანიის“ [ზედაზენის] 60%-იან წილს შეიძენს. ტრანზაქციის მიხედვით, „ტემპო ჯგუფი“ გადაიხდის 57 მილიონ აშშ დოლარს, რაც ქართული სასმელების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს აზერბაიჯანის ბაზარზე ერთობლივი საწარმოს შექმნის პროექტს, სადაც „ტემპო ჯგუფი“ ასევე გეგმავს აქტიურად იმუშაოს Heineken-ის ლიცენზიის მოპოვებაზე.
„ეს არის ისტორიული შეთანხმება საქართველოს FMCG სექტორისთვის. „ტემპო ჯგუფის“ ინვესტიცია მნიშვნელოვნად დააჩქარებს ზედაზენის და მთლიანად ქართული სასმელების ინდუსტრიის განვითარებას საერთაშორისო დონეზე. ამავდროულად, ასეთი მასშტაბის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია კიდევ ერთ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში“, – აღნიშნა „დეილი ჯგუფის“ თანადამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ზურა ზაქარიაძემ.
კომპანიის ინფორმაციით, “ტემპო ჯგუფი” ისრაელის სასმელების ბაზრის დაახლოებით 40%-ს ფლობს და წარმოდგენილია როგორც ალკოჰოლური, ისე არაალკოჰოლური სასმელების ყველა კატეგორიაში. კომპანია აწარმოებს ისეთი ცნობილი ბრენდების ლიცენზირებულ პროდუქტებს, როგორებიცაა: Heineken, Paulaner, Pepsi, XL და სხვ.
„დეილი ჯგუფი“ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი FMCG საცალო ვაჭრობის კომპანიაა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 1700-მდე მაღაზიას მართავს, დღიურად 650,000 მომხმარებელს ემსახურება და ორგანიზებულ სასურსათო საცალო ვაჭრობაში 31%-იან წილს ფლობს.