“ბიზნესის მოლოდინით, ზაფხულის პერიოდი უკეთესი იქნება” – რაზე ისაუბრა ბიზნესმა მაია ომიაძესთან შეხვედრისას?
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელმძღვანელი მაია ომიაძე საქართველოს ტურიზმის ასოციაციაში შემავალი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ BM.GE-სთან “საქართველოს ტურიზმის ასოციაციის” თავმჯდომარემ, ნატალია კვაჭანტირაძემ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე ბიზნესსა და საჯარო სექტორს შორის პირდაპირი კომუნიკაცია მოხდა და განისაზღვრა, თუ რა გამოწვევებია სექტორში. ამასთან, კვაჭანტირაძე დასძენს, რომ სექტორი ზაფხულის სეზონს პოზიტიურად უყურებს და იმედოვნებს, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი უკეთესი იქნება.
“შეხვედრაზე ძირითადად მიმდინარე საკითხები და ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებული გეგმები იქნა განხილული. ამასთან, თუ როგორ შეიძლება [საჯარო და კერძო სექტორმა] ერთად ვიმუშაოთ. საუბარი იყო ავია-კომპანიების შემოსვლასა და მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაზე, კადრებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
რაც შეეხება მიმდინარე მობლენების ზეგავლენას ტურიზმზე, რა თქმა უნდა ეს მთავარი საკითხი იყო. ბიზნესის მოლოდინით, ზაფხულის პერიოდი უკეთესი იქნება. რა თქმა უნდა, აქ წევრი კომპანიები თვითონ განსაზღვრავენ სიტუაციურ შესაძლებლობებს და ამის გაცნობა მოხდა პირისპირ, რომ არ იყოს საჯარო სექტორისთვის უცხო“, – ამბობს “საქართველოს ტურიზმის ასოციაციის” თავმჯდომარე.