კონფერენციის მიზანია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კიბერუსაფრთხოების სფეროში წამოჭრილი მნიშვნელოვანი გამოწვევების განხილვა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი, ციფრული უსაფრთხოება საჯარო და კერძო სექტორში, აკადემიური და მულტისექტორული თანამშრომლობა და ქალების როლი კიბერუსაფრთხოების სფეროში.
კონფერენციაზე დამსწრე პირები შეძლებენ, გაეცნონ კიბერუსაფრთხოების წამყვან ექსპერტებს საჯარო, კერძო და აკადემიური სფეროებიდან, რათა აღმოაჩინონ ახალი კარიერული შესაძლებლობები და თანამშრომლობის ფორმატები. როგორც არჩილ ყანჩაველი BMG-სთან აღნიშნავს, ამ მიმართულებით კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია, პროფესიონალთა აღზრდასა და სექტორის განვითარებას კი სანგუ თავისი საქმიანობით უწყობს ხელს.
“როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის წარმომადგენლები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ კიბერუსაფრთხოების სტრატეგიულ მნიშვნელობას. ციფრული რისკების მზარდი რაოდენობის ფონზე, პროფესიონალი კადრების საჭიროება ყოველდღიურად მატულობს. ამ ფონზე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ სანგუ გახდა ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც ამერიკული სტანდარტის უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომი გახადა სტუდენტებისთვის საქართველოში.
საგანმანათლებლო შესაძლებლობებთან ერთად, ჩვენი მიზანია სტუდენტებს შევთავაზოთ პრაქტიკული გამოცდილება და მუდმივი კავშირი ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მუდმივად ვმასპინძლობთ ამერიკელ კოლეგებს, ამასთან ყველა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, გაემგზავროს აშშ-ში და მიიღოს უნიკალური პრაქტიკული გამოცდილება.” – ამბობს არჩილ ყანჩაველი.
თბილისის საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს, 10:00 საათიდან გაიხსნება. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ მონაწილეობის მისაღებად. დასწრება თავისუფალია, თუმცა ადგილები შეზღუდულია, ამიტომ ნუ გადადებთ რეგისტრაციას.