“თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ძალაში დატოვეს ცესკოს მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც არსებითად ზღუდავს არჩევნებზე დაკვირვებას”, – ინფორმაციას ISFED-ი ავრცელებს.

2025 წლის 4 აპრილს „სამართლიანმა არჩევნებმა“ სადავო დადგენილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც ორგანიზაციის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 2025 წლის 8 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი.

„სამართლიანი არჩევნები“ ცესკოს მოუწოდებს, რომ გააუქმოს დადგენილებით მიღებული პრობლემური ცვლილებები.

ISFED-ი წერს, რომ 2025 წლის 3 აპრილს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა, რითაც არსებითად შეზღუდა საარჩევნო პროცესებზე ეფექტიანად დაკვირვებისა და დარღვევების დოკუმენტირების/მტკიცებულებათა შეგროვების შესაძლებლობა.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 41-ე მუხლი დამკვირვებლის უფლებებს ეხება, რომლის მიხედვითაც, დამკვირვებელს უფლება აქვს შეუფერხებლად გადაადგილდეს კენჭისყრის შენობაში და თავისუფლად დააკვირდეს ყველა საარჩევნო პროცედურას. ამავე მუხლში ჩამოთვლილია ის კონკრეტული ქმედებები, რაც დამკვირვებელს ეკრძალება. კერძოდ, დამკვირვებელს არ აქვს უფლება:

  • ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;
  • გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;
  • აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
  • ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი;
  • კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;
  • დაარღვიოს ამ კანონის სხვა მოთხოვნები.

ცესკოს მიერ დადგენილებაში შეტანილი ცვლილებებით კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთათვის, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებისათვის სრულად აიკრძალა ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა. ასეთ აკრძალვას საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს, რითაც ეს ჩანაწერი წინააღმდეგობაში მოდის კანონთან. მსგავსმა შეზღუდვამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაართულოს ე.წ. „კარუსელის“ სქემების, მრავალჯერადი, ყალბი ან არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემის შემთხვევების იდენტიფიცირება.

გარდა ამისა, ცესკოს დადგენილებით სრულად აიკრძალა ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება. ასეთი ბლანკეტური აკრძალვა გაუმართლებელია და მას არც საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს, ვინაიდან, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი იმის შესახებ, რომ კენჭისყრის პროცედურები შეიძლება ირღვეოდეს, შესაბამის უფლებამოსილ პირებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გადაამოწმონ მათი ვარაუდები და შექმნან შესაბამისი მტკიცებულებები დარღვევის დასაფიქსირებლად. ამ შემთხვევაში ფოტოვიდეო გადაღება ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება და არ წარმოადგენს პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება/დამუშავებას.

ამასთანავე, ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვის შემოღებისას გასათვალისწინებელია წარსულში არსებული პრაქტიკა. სხვადასხვა არჩევნებისას დაფიქსირებულა არაერთი ისეთი შემთხვევა, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამკვირვებლებს შეგნებულად უზღუდავდნენ კანონით გარანტირებული მათი უფლებების რეალიზებას. მსგავსი დამატებითი აკრძალვები მეტ შესაძლებლობას მისცემს კომისიის წევრებს, ბოროტად გამოიყენონ საკუთარი უფლებამოსილებები და უფრო მეტად შეზღუდონ არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა”, – წერს ორგანიზაცია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *