დეპარტამენტი აღნიშნულ პროექტებს განცხადებაში “ნარატივად” მოიხსენიებს და წერს, რომ კლიმატთან დაკავშირებული პროგრამები ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან თანხვედრაში აღარაა. შესაბამისად, უნივერსიტეტს ამ მიმართულებით დაფინანსება 2025 წლის 30 ივნისიდან შეუწყდება.
“პრინსტონისთვის” დაფინანსების შეწყვეტას წინ უძღოდა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გრანტების შემცირება ფედერალური სააგენტოებისთვის, მათ შორის ენერგეტიკის და თავდაცვის დეპარტამენტებისთვის და NASA-სთვისაც კი. 8 მარტს ასევე ცნობილი გახდა ადმინისტრაციის მიერ კორნელის უნივერსიტეტისთვის $1-მილიარდიანი, ხოლო ნორსვესტერნის უნივერსიტეტისთვის $790-მილიონიანი დაფინანსების შეჩერების შესახებაც.
ერთ-ერთი კვლევა, რომელსაც ვაჭრობის დეპარტამენტმა “პრინსტონში” დაფინანსება შეუწყვიტა, დედამიწის სისტემის მოდელირებას ეხება და მიზნად ისახავს, პასუხი გასცეს ძირითად კითხვებს კლიმატის მეცნიერებასთან დაკავშირებით. კვლევა უნივერსიტეტის ერთ-ერთ ლაბორატორიაში, ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის ნაწილობრივი დაფინანსებით მიმდინარეობდა, თავად ეს ადმინისტრაცია კი ვაჭრობის დეპარტამენტში შედის. დაფინანსების გაუქმების მიზეზად “კლიმატის რისკების გაბუქება” სახელდება.
კიდევ ერთი პროგრამა, რომელზეც ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გავრცელდა, ითვალისწინებს კვლევას, რომლის თანახმადაც დედამიწაზე წყლის მარაგები გლობალური დათბობის გამო მერყევი და არასტაბილური იქნება. ვაჭრობის დეპარტამენტის თქმით, აღნიშნული კვლევა მათ პრიორიტეტებთან თანხვედრაში არაა და რესურსები, რომელიც იხარჯება, სხვა პროგრამებში უკეთ გადანაწილდება.