საქართველო EQAR-ის, ანუ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის წევრი აღარაა.

საქმე ისაა, რომ როგორც აქამდე იყო ცნობილი, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია შეჩერებული ჰქონდა, თუმცა ამ დროისთვის, EQAR-ის ვებგვერდზე ცენტრი უკვე ყოფილი წევრების სიაშია შეყვანილი და გამოქვეყნებულია გასული წლის ბოლოს მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება რეგისტრაციის განახლებაზე.

როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებდნენ, რეგისტრაციის შეჩერებაზე EQAR-ის გადაწყვეტილება გასაჩივრდებოდა, ხოლო თუ EQAR-ის კომიტეტი არ გაითვალისწინებდა ცენტრის არგუმენტებს, შემდგომ უკვე დამატებითი შეფასების განხორციელებას მოითხოვდნენ.

BM.GE-მ ცენტრს საკითხზე კითხვებით მიმართა, რის საპასუხოდაც 3 აპრილს მოწოდებულ წერილობით პასუხში აღნიშნული იყო, რომ მიმართეს EQAR-ს არგუმენტირებული პოზიციით და მოითხოვეს რეკომენდაციებთან დაკავშირებით ფოკუსირებული შეფასება. ამასთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში არ უპასუხეს BM.GE-ის კითხვას – გასაჩივრდა თუ არა EQAR-ის გადაწყვეტილება და რა შედეგი მოჰყვა საჩივარს.

განათლების ექსპერტის, ქეთი ცოტნიაშვილის ინფორმაციით, ცენტრს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. ამის სავარაუდო მიზეზად ექსპერტი BM.GE-სთან იმას ასახელებს, რომ ცენტრში იცოდნენ, გასაჩივრებას დადებითი შედეგი არ მოჰყვებოდა. როგორც ის განმარტავს, გასაჩივრების პერიოდის გასვლამდე ცენტრს შეჩერებული რეგისტრაციის სტატუსი ჰქონდა, შემდეგ კი ვებგვერდზე ინფორმაცია რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ აისახა.

„წევრობაზე უარყოფით გადაწყვეტილებას არ აქვეყნებდნენ და შეჩერებულის სტატუსის ქვეშ იყო ცენტრი იმიტომ, რომ გასაჩივრების ვადის გასვლას ელოდებოდნენ. მას შემდეგ, რაც ეს ვადა გავიდა და საჩივარი არ იქნა წარდგენილი, უკვე ცენტრი ყოფილი სააგენტოების სიაში გადავიდა და ასევე, წევრობაზე უარყოფითი გადაწყვეტილება გამოქვეყნდა. შესაბამისად, EQAR-ის რეგისტრაცია არის შეწყვეტილი და არა შეჩერებული“, – ამბობს ქეთი ცოტნიაშვილი.

განათლების ექსპერტს არ აქვს მოლოდინი, რომ ფოკუსირებული შეფასების შემდეგ EQAR-ის რეგისტრაცია აღდგება, რადგან მისი თქმით, პრობლემური საკითხები, მათ შორის დამოუკიდებლობის ნაწილში, გამოსწორებული არაა.

„როდესაც უარყოფითი გადაწყვეტილებაა მიღებული, შემდეგ EQAR-ს აქვს ფოკუსირებული შეფასების პროცედურა, რომლის მოთხოვნაც ცენტრს შეუძლია. აქ დეტალურად უნდა დაასაბუთოს, როგორ გამოსწორდა საკითხები და პრობლემები, რაც მითითებული იყო. ეს ნიშნავს, რომ ექსპერტები თავიდან უნდა ჩამოვიდნენ, შეისწავლონ დოკუმენტები, ანუ სრულყოფილ შეფასებას გულისხმობს და მთავარი აქცენტები ისეთ საკითხებზე იქნება გაკეთებული, რაზეც წინა დასკვნაში იყო საუბარი, რომ პრობლემური იყო. ასეთია დამოუკიდებლობის საკითხი, ასევე იყო ცენტრიდან თანამშრომლების გადინების საკითხი, ექსპერტების მიერ ხარისხის ცენტრის დატოვება და საბჭოების მხრიდან გადაწყვეტილებების არათანმიმდევრულობა.

ზოგადად, ამ შეფასებას დაწყებიდან დაახლოებით 1 წელი სჭირდება ხოლმე, სანამ გაგზავნიან მოთხოვნას. შემდეგ მათ უნდა შეკრიბონ ექსპერტების გუნდი, ჩამოვიდნენ, დასკვნის პროექტი მოამზადონ, გამოგზავნონ და ა.შ. ასევე, საინტერესოა ცენტრმა რა გაგზავნა, როდესაც ფოკუსირებული შეფასება მოითხოვა, რადგან რეგულაციებში რა ცვლილებებიც განახორციელეს, ეს ყველაფერი პრაქტიკის გამოსწორებას ვერ შველის. საკანონმდებლო დონეზე ერთადერთი ხელშესახები ცვლილება ისაა, რომ ცენტრის დირექტორი ვეღარ იქნება იმავდროულად რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული, ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფი ადამიანი, თორემ ხარისხის ცენტრის დირექტორს კვლავ პრემიერი ნიშნავს განათლების მინისტრის წარდგინებით, საბჭოების დანიშვნასთან დაკავშირებითაც არაფერი შეცვლილა და მათაც პრემიერი ნიშნავს. ასე რომ, დამოუკიდებლობის საკითხი ამოწურული არაა. ამიტომ, არ მაქვს მაინცდამაინც დადებითი მოლოდინი”, – ამბობს ქეთი ცოტნიაშვილი.

კითხვაზე – რას ნიშნავს EQAR-ის რეგისტრაციის დაკარგვა ქართული უმაღლესი განათლების სისტემისთვის, ქეთი ცოტნიაშვილი ამბობს, რომ ეს გაართულებს ქართული დიპლომების საზღვარგარეთ აღიარებას და ასევე, მივიღეთ რეპუტაციული ზიანი, რაც საერთაშორისო ურთიერთობებზე ნეგატიურად იმოქმედებს.

“EQAR-ის წევრობა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების სანდოობას ნიშნავს. საქართველოდან თუ უნდა ვიღაცას საზღვარგარეთ დასაქმება ან სასწავლებლად წასვლა, უნდა მიმართოს იქაურ სააგენტოს, რომ უღიარონ ქართული დიპლომი. EQAR-ის წევრობის შემთხვევაში აღიარებს პროცესი გამარტივებული იქნებოდა, თუმცა ახლა რთული პროცედურების გავლა მოუწევთ, რაც გულისხმობს რომ დამატებითი დოკუმენტები უნდა წარადგინონ, ხშირ შემთხვევაში გადაიხადოს დამატებითი თანხაც და შეიძლება საერთოდაც არ უღიარონ, რადგან ხშირად კერძო უნივერსიტეტების დიპლომებს ნაკლებად ენდობიან. ერთია, რომ თავად აღიარების პროცესი გართულდება და მეორე პრობლემაც დადგება იმიტომ, რომ ხარისხის ცენტრი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და ის პროგრამები რომ გადამოწმდება, რაც სტუდენტებმა გაიარეს, სილაბუსები და ა.შ. რისკია, რომ შესაბამისობაში არ იყოს მოთხოვნებთან, რადგან ქვეყნის შიგნით სათანადოდ ვერ გადამოწმდა. ასევე, ნამდვილად არის რეპუტაციული ზიანიც. საერთაშორისო თანამშრომლობები ზოგადად უკვე ძალიან გვიჭირს, რადგან არასტაბილური გარემოა. საერთაშორისო პარტნიორებიც სერიოზულად აღარ გიყურებენ, ისედაც, როგორც განვითარებადი ქვეყანა ვიყავით პოზიციონირებული და როდესაც დავიწყეთ, რომ თანასწორი თანამშრომლობები დაგვემყარებინა, ისევ ეს პრობლემები იქნება და სანდოობას სერიოზული საფრთხე ექმნება. შესაძლოა გაცვლით პროგრამებში ჩართვაზე პირდაპირი გავლენა არ ჰქონდეს, მაგრამ გაცვლითი პროგრამები თანამშრომლობებს ეფუძნება. ეს უკანასკნელი თუ შეგვიმცირდა იმის გამო, რომ ნდობაა დაკარგული, ამაზეც გავლენას მოახდენს. ასევე, გაცვლით პროგრამებში გავლენას მოახდენს ის, რომ როდესაც სტუდენტები მიდიან და მერე ჩამოდიან, აღიარების პროცესი როგორ ხდება. ამ შიდა მობილობის პერიოდშიც აღიარების პროცედურებიც უფრო გართულებული იქნება და სავარაუდოდ, რაღაცები არ აღიარდება”, – ამბობს განათლების ექსპერტი.

EQAR ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს უმაღლესი განათლების სფეროში გამჭვირვალობას და ნდობის ამაღლებას, ასევე ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში განათლების აღიარებას. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი EQAR-ში 2019 წლის 27 ივნისს დარეგისტრირდა. ცენტრის ვებგვერდზე რეგისტრაციის შესახებ განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ ეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ ინდიკატორია და ასევე, ზრდის ცენტრის სანდოობას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

EQAR-ის რეგისტრაცია ოფიციალურად გასული წლის მიწურულს შეჩერდა. ეს ინფორმაცია თავდაპირველად განათლების ექსპერტებმა გაავრცელეს, რაც შემდგომ თავად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმაც დაადასტურა. ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე შეუჩერდა. მათ შორის, შეუსაბამოდ შეფასდა ერთ-ერთ სტანდარტში – დამოუკიდებლობის ნაწილში. კრიტიკული შეფასება მოჰყვა, რომ ცენტრის დირექტორი განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორივე პოზიციას იკავებდა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მაშინ განმარტეს, რომ EQAR-ის მხრიდან რეგისტრაციის შეჩერება არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო დონეზე პრობლემებს არ შექმნის. მათ შორის ეს გავლენას არ მოახდენს საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებაზე, რაზეც განათლების სექტორის წარმომადგენლები შიშობდნენ. განსხვავებული პოზიციები და არგუმენტები გააჟღერეს სექტორის წარმომადგენლებმა. მაგალითად, მაშინ საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა თქვა, რომ EQAR უცხოელი სტუდენტების მოზიდვის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო, მისი დაკარგვის ფასი კი, მოპოვებაზე გაცილებით დიდი იქნება.

BM.GE განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს კიდევ ერთხელ მიმართავს კითხვებით EQAR-ის გადაწყვეტილების გასაჩივრების და რეგისტრაციის შეწყვეტის შესაძლო შედეგების შესახებ. უწყების პასუხს მიღებისთვანავე შემოგთავაზებთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *