საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის სენატში გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობა ყოველდღიურად ახალ რეპრესიულ კანონებს იღებს, ხოლო სასამართლო ხელისუფლებას რეპრესიული კანონების აღსასრულებლად იყენებს. ზურაბიშვილის თქმითვე, ერთი წლის წინ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა, თუმცა დღეს მას მიათრევენ რუსეთის ორბიტაზე და ამაზე ევროპას სათანადო პასუხი არ აქვს. ზურაბიშვილმა საკუთარი სიტყვა 9 აპრილზე საუბრით დაიწყო.

„9 აპრილი ყველა ქართველისთვის სევდიანი დღეა. ამ დღეს 1989 წელს რუსი ჯარისკაცები და ტანკები შევიდნენ თბილისის ცენტრში და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მოწოდებული მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბიეს. მათ გამოიყენეს გაზი, ხელკეტები და მაქსიმალური ძალადობა ხალხის დასაშლელად, რომელიც ძირითადად ახალგაზრდებისგან შედგებოდა. დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის ბევრი ქალი. ასობით დაშავდა, მაგრამ იმ ღამის გზავნილი არ გამქრალა, ამან ეროვნული მოძრაობა აანთო და ორი წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის ნიადაგი მოამზადა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, 36 წლის შემდეგ, იმავე დღეს და იმავე გამზირზე, სადაც თავისუფლებისთვის სისხლი დაიღვარა ქართველები ისევ ქუჩაში დგანან.

“უკვე 140 დღეზე მეტია, ისინი მშვიდობიანად აპროტესტებენ ისეთივე საშიშ რაღაცას ჩუმ სახელმწიფო გადატრიალებას დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ”, – განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

“ჩვენ ვცხოვრობთ ერთი პარტიის სისტემაში და მის მიღმა არის ერთი კაცი, რომელსაც ანგარიშვალდებულება არ აკისრია და ხელშეუხებელია. ერთ დროს იმედის მომცემ ევროპულ დემოკრატიაში ახლა რუსული სტილის ავტოკრატია მყარდება. ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას. ჩვენ არ გთხოვთ ჩვენს მაგივრად ბრძოლას, თუმცა გთხოვთ, რომ ჩვენს გვერდით იყოთ, რომ ხმა ამოიღოთ, ნათლად თქვათ და იმოქმედოთ, რადგან თუ საქართველოს დაცვას ვერ შევძლებთ ჩვენ შეიძლება ხვალ ძალიან განსხვავებულ ევროპაში გავიღვიძოთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *