საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის თებერვლის ბოლოსათვის 57.98 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 978.11 მილიონი ლარით, ანუ 1.66%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ცნობით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები შემცირდა 429.98 მილიონი ლარით, ანუ 1.57%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები – 548.13 მილიონი ლარით, ანუ 1.74%-ით შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის თებერვლის ბოლოსათვის 46.90 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.27 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვალში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.43% შეადგინა, მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.85% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.52%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა – 80.03%, ხოლო ევროს წილმა 18.73% შეადგინა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *