„განვითარების დიდი პოტენციალია“ – რატომ შეარჩია „დეილიმ“ საერთაშორისო ექსპანსიისთვის უზბეკეთი?

ქართულმა საცალო ქსელმა „დეილიმ“ საქართველოს ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო ექსპანსია დაიწყო და ბრენდი ექსპორტზე უზბეკეთში გაიტანა. „დეილის“ პირველი სუპერმარკეტი 2025 წლის 31 მარტს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გახსნა. ქვეყნის ფარგლებს გარეთ კომპანიამ მუშაობა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო და 2024 წლის დეკემბერში, “დეილი ჯგუფმა” ფრანგული Schiever Group-ისგან Bi1-ის მაღაზიათა ქსელის საკონტროლო პაკეტი შეიძინა. ახლად გახსნილი სუპერმარკეტი ამ ქსელის რიგით 34-ე ობიექტია ტაშკენტში.

„დეილი ჯგუფის“ საერთაშორისო წარმატების დეტალებზე კომპანიის საერთაშორისო პროექტების განვითარების ხელმძღვანელმა აკაკი ბერაიამ „საქმიან დილაში“ ისაუბრა. ის აღნიშნავს, რომ ბრენდის მიერ საექსპორტო ბაზრების ექსპანსიის დაწყება მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც კომპანიის განვითარების, ისე საქართველოს საცალო ვაჭრობის სექტორის გლობალიზაციის გზაზე. მისი ინფორმაციით, დღეს კომპანია Schiever Group-ისგან Bi1-ის მაღაზიათა ქსელის რებრენდინგზე მუშაობს, რათა ზაფხულისთვის 33 მაღაზია უზბეკეთში „დეილის“ ბრენდით იყოს წარმოდგენილი.

„Daily-ს ბრენდის ქვეშ ეს პირველი მაღაზიაა. უზბეკეთში ნოემბერში შევედით, დეკემბრიდან დავიწყეთ არსებული ქსელის გადმობარება. ახლა 33 მაღაზია სხვა ბრენდის ქვეშ გვაქვს და პარალელურად ამ მაღაზიების რებრენდინგზე ვმუშაობთ, ყველა „დეილის“ ბრენდის ქვეშ გაერთიანდება. რებრენდინგის პროცესი მხოლოდ აბრის შეცვლა არ არის, შიგნით ატმოსფერო, სტანდარტები უნდა შევცვალოთ და სავარაუდოდ, ზაფხულში ყველა ეს მაღაზია Daily-ს ბრენდით იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა აკაკი ბერაიამ და იქვე აღნიშნა, რომ კომპანია უზბეკეთში ახალი ლოკაციების ძიებითაც არის დაკავებული, რათა ქსელი უფრო მეტად განვითარდეს.

კითხვაზე – რატომ შეირჩა საერთაშორისო ექსპანსიის ფარგლებში, პირველ ქვეყნად უზბეკეთი, „დეილი ჯგუფის“ საერთაშორისო პროექტების განვითარების ხელმძღვანელი რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.

„გასულ წელს „დეილიმ“ საერთაშორისო ექსპანსიის გადაწყვეტილება მიიღო და სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე პირველ ქვეყნად უზბეკეთი აირჩია. ეს ქვეყანა საქართველოზე 10-ჯერ დიდია, ვაჭრობის სფეროც 10-ჯერ აღემატება ქართულ რიტეილ მიმართულებას, თუმცა უზბეკეთში რიტეილ სექტორში თანამედროვე მიდგომები მხოლოდ 10%-ით არის წარმოდგენილი. ამიტომ ამ მხრივ განვითარების ძალიან დიდი პოტენციალია. ამასთან, ქვეყანა ვითარდება, ბიზნეს გარემო უმჯობესდება, ძალიან ბევრი ინვესტორი ჩამოდის… აღსანიშნავია, რომ საქართველოსადმი უზბეკებს ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ, უყვართ ჩვენი კულტურა და სამზარეულო, შესაბამისად, ქართული ბრენდის გამოჩენა მათთვისაც კარგია“, – აღნიშნა აკაკი ბერაიამ და განმარტა, რომ „დეილი“ უზბეკეთში შესვლისას აქცენტს ახალგაზრდებზე გააკეთებს, რადგან მოსახლეობის 70% ორმოც წლამდეა და ისინი სიახლეებისთვის მზად არიან.

კომპანიის საერთაშორისო პროექტების განვითარების ხელმძღვანელი იმასაც აღნიშნავს, რომ უზბეკეთის რიტეილ სექტორი განვითარების კუთხით საქართველოს რიტეილ ბაზარს მკვეთრად ჩამორჩება და „დეილი“ მის განვითარებაშიც თავის წვლილს შეიტანს.

„საქართველოს და უზბეკეთის რიტეილ ბაზარი რომ შევადაროთ, განვითარების კუთხით უზბეკეთი 10-15 წლით უკან არის. უცხო ქვეყანაში ოპერირების დაწყება ადვილი არ არის. ქვეყანას თავისი თავისებურებები და გამოწვევები აქვს. ერთ-ერთი თავისებურება ბაზრის კულტურაა, მოსახლეობის კულტურის ნაწილი პროდუქტების ბაზარში შეძენაა, ისინი ოჯახებით დადიან ბაზარში და დიდ შესყიდვებს აკეთებენ, მათთვის სუპერმარკეტში სიარული სიახლეა. ის ფაქტორი, რომ ახალგაზრდების რაოდენობა მოსახლეობაში დიდია და მათი რიცხვი კიდევ უფრო იზრდება, იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენს სამიზნე აუდიტორიად სწორედ ახალგაზრდები ავირჩიოთ, რადგან ისინი ახალი გამოწვევებისთვის ღია არიან და თანამედროვე რიტეილზე გადასვლის მზაობა უფრო აქვთ.

თანამედროვე რიტეილზე უზბეკეთში 10% მოდის, მისი უდიდესი წილი კი ერთ მოთამაშეს უკავია, რომელიც დიდი ფორმატის მაღაზიებით არის წარმოდგენილი. დღეს თანამედროვე ტენდენციები იქით მიდის, რომ თანამედროვე ადამიანებს დროის ნაკლებობის გამო, სახლთან ახლოს ხარისხიანი პროდუქტის უკეთეს ფასად შეძენა სურს“, – განმარტა აკაკი ბერაიამ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *