“ძალიან მინდა გითხრათ, რომ დონალდ ტრამპმა მთელს მსოფლიოს აჯობა. დამიჯერეთ, ამერიკელი ვარ და ჩემს პრეზიდენტს მხარს ვუჭერ, მაგრამ ეს არ მომხდარა”, – ასე ეხმიანება Fox Business-ის კორესპონდენტი ჩარლი გასპარინო ტრამპის მიერ ტარიფების 90 დღის დაპაუზების გადაწყვეტილებას.

როგორც მან აღნიშნა, ტრამპის სატარიფო პოლიტიკას ერთადერთი დადებითი ის მოჰყვა, რომ თეთრ სახლში ამ პროცესებს ამიერიდან სკოტ ბესენტი უხელმძღვანელებს. გასპარინოს თქმით, სკოტ ბესენტს ტარიფების დაწესების ნაცვლად მოლაპარაკებების სჯერა.

გასპარინოს შეფასებით, ტრამპს ტარიფების დაპაუზებისკენ ობლიგაციების ბაზრებზე მიმდინარე პროცესებმა უბიძგა. კერძოდ კი, მისი თქმით, გამოჩნდა რომ დიდი ქვეყნები, განსაკუთრებით იაპონია, ამერიკულ ობლიგაციებს ყიდდნენ, რაც ამერიკული ეკონომიკის არასანდოობას მიანიშნებდა.

“მოდით, გავიხსენოთ, რა მოხდა ობლიგაციების ბაზარზე ერთ ღამეში. როგორც მე მესმის, ობლიგაციების ბაზარზე 30-წლიან და 10-წლიან ობლიგაციებზე სარგებელი გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ხალხი ჩვენს ბონდებს ყრიდა. ვინ ყიდდა ამერიკის ხაზინის ობლიგაციებს? იაპონია – ობლიგაციების ყველაზე მსხვილი შემგროვებელი. შესაძლოა, ჩინეთიც, თუმცა უფრო მეტად იაპონია და სხვები.

თუ ობლიგაციების მასობრივი გაყიდვა იწყება, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები აშშ-ის ეკონომიკის, შეთანხმებების მიღწევის პროცესის ნდობას კარგავენ და, როგორც მესმის, სწორედ ამან აიძულა [ტრამპს] 90-დღიანი პაუზა”, – განმარტა გასპარინომ.

Fox Business-ის რეპორტიორი მიიჩნევს, რომ ტარიფების შემოღება და დაპაუზება, გარკვეულწილად, დადებითიც იყო, თუმცა ადამიანები ობლიგაციების ბაზარს ახლოდან აკვირდებიან და ეს ნაწილიც მნიშვნელოვანია.

“გეთანხმებით, ამ პროცესებში იყო შეთანხმების ხელოვნების ფრაგმენტებიც. და შესანიშნავი ნაბიჯი იყო ჩინეთის კუთხეში მოსაქცევად. მაგრამ, ეს აბსოლუტურად სხვა რამეა, რადგან გახსოვდეთ, რომ მოლაპარაკებები ძალიან რთულია.

ამ გადაწყვეტილებას, მას შემდეგ რაც წუხელ ღამით მოხდა, ვერ გაემიჯნები – ადამიანები ობლიგაციების ბაზარს უწყვეტად აკვირდებიან. სწორედ ობლიგაციების ბაზარი და მსგავსი ტიპის დაკრედიტების ბაზრებია ეკონომიკის საყრდენი. უნდა დაველოდოთ, თუ ვნახავთ ბაზარზე გაუმჯობესებას”, – განაცხადა ჩარლი გასპარინომ.

შესაბამისად, Fox News-ის კორესპონდენტი მიიჩნევს, რომ მიზეზი, რის გამოც ტრამპმა უნივერსალური ტარიფები 3 თვით დააპაუზა, მხოლოდ ისაა, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკა ჩამოქცევის გზაზე იდგა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *