ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ მთავარი რედაქტორის ლიკა ზაკაშვილის თქმით, მალე დადგება ის რეალობა, როდესაც თანხმობას არ გასცემენ იმ გრანტებზე, რომლითაც საქართველოში დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია ფინანსდება.
„ეს არის ძალიან ნათელი რეალობა, რომელიც რამდენიმე კვირაში უკვე გვექნება. “ქართული ოცნება” ბევრი წელია ონლაინ მედიების წინააღმდეგ სრულიად დისკრიმინაციულ და მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებს. ჩემთვის ბოლო ორ თვეში შალვა პაპუაშვილის მიზანმიმართული თავდასხმა “პუბლიკაზე” ზოგჯერ გაუგებარიც კი იყო, ახლა კი, როცა ეს ნაბიჯები ცხადი გახდა, ჩემთვის სურათი დალაგდა“, – აღნიშნა ლიკა ზაკაშვილმა გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას.
მისივე თქმით, მსგავსი თავდასხმების მიზანი მედიაზე, ახლა ნათელია, ვინაიდან ამით „ოცნების“ მთავრობას სურდა, შეექმნათ უარყოფითი წარმოდგენა დამოუკიდებელ მედიებზე და წინსწრებად ჩამოეყალიბებინა უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი, შესაბამისად, ახლა უფრო მარტივი იქნება იმის თქმა, რომ მაგალითად, “„პუბლიკისთვის“ გრანტი არ დავადასტურეთ, ვინაიდან ეს მედიაპლატფორმა ეწევა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას”.
„ფაქტია, რომ ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე. ხელისუფლებისთვის მიუღებელი და კრიტიკული აზრი სერიოზული რისკის ქვეშ დადგება“, – აღნიშნა ლიკა ზაკაშვილმა.
მისი თქმით, დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები შეამცირებს იმ მედიაპლატფორმების რაოდენობას ქვეყანაში, რომლის დახმარებითაც ისმის განსხვავებული და კრიტიკული აზრი და მოქალაქეების რეალური საჭიროებები. ეს იმიტომ, რომ დამოუკიდებელი მედიები უკვე ბევრი წელია უცხოური ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობენ, რის საფუძველზეც იღებენ გრანტებს.