Daily ზაფხულისთვის, უზბეკეთში ბრენდის ქვეშ მაღაზიების ქსელს გააფართოებს და ცენტრალური აზიის ამ კონკრეტულ ქვეყანაში 34 სუპერმარკეტით იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ კომპანიის საერთაშორისო პროექტების განვითარების ხელმძღვანელმა აკაკი ბერაიამ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ისაუბრა.

ქართულმა საცალო ქსელმა დეილიმ“ საქართველოს ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო ექსპანსია დაიწყო და ბრენდი ექსპორტზე უზბეკეთში გაიტანა. „დეილის“ პირველი სუპერმარკეტი 2025 წლის 31 მარტს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიხსნა. ქვეყნის ფარგლებს გარეთ კომპანიამ 2024 წლის დეკემბერში, ფრანგული Schiever Group-ისგან Bi1-ის მაღაზიათა ქსელის საკონტროლო პაკეტი შეიძინა. ახლად გახსნილი სუპერმარკეტი ამ ქსელის რიგით 34-ობიექტია ტაშკენტში.

„Daily-ს ბრენდის ქვეშ ეს პირველი მაღაზიაა. უზბეკეთში ნოემბერში შევედით, დეკემბრიდან დავიწყეთ არსებული ქსელის გადმობარება. ახლა 33 მაღაზია სხვა ბრენდის ქვეშ გვაქვს და პარალელურად ამ მაღაზიების რებრენდინგზე ვმუშაობთ, ყველა „დეილის“ ბრენდის ქვეშ გაერთიანდება. რებრენდინგის პროცესი მხოლოდ აბრის შეცვლა არ არის, შიგნით ატმოსფერო, სტანდარტები უნდა შევცვალოთ და სავარაუდოდ, ზაფხულში ყველა ეს მაღაზია Daily-ს ბრენდით იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა აკაკი ბერაიამ და იქვე აღნიშნა, რომ კომპანია უზბეკეთში ახალი ლოკაციების ძიებითაც არის დაკავებული, რათა ქსელი უფრო მეტად განვითარდეს.

„დეილი ჯგუფის“ საერთაშორისო პროექტების განვითარების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ საქართველოს ბაზარზე უმსხვილესი რიტეილ ჯგუფის უზბეკეთში შესვლა, ქვეყნის საზღვრებს გარეთ ქართველი მეწარმეების შესვალასაც შეუწყობს ხელს. ამ მიმართულებით კომპანიაში უკვე მუშაობენ.

„უზბეკეთში ქართულ კულტურას და ქვეყანას კარგად იცნობენ, შესაბამისად ქართულ პროდუქტებზეც ანალოგიურ დამოკიდებულებას ველოდებით. ქართულ მწარმოებლებს მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ჩვენი ქსელი საკუთარი პროდუქტის განთავსების პლატფორმად გამოიყენონ. ამაზე აქტიურად უკვე ვმუშაობთ. ჩვენს მაღაზიებში ქართული პროდუქტების კუთხე იქნება. ამ კუთხით ბევრი ქართველი მწარმოებელი დაგვიკავშირდა. ყველასთან გვექნება კომუნიკაცია და მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ. უზბეკეთი ძალიან დიდი ბაზარია, ის ვითარდება და იქ ქართველ მწარმოებლებთან ერთად დიდი შესაძლებლობები გვაქვს“, – განაცხადა აკაკი ბერაიამ.

საქართველოს FMCG სექტორში „დეილი ჯგუფი“ წამყვანი საცალო ვაჭრობის კომპანიაა. ის ქვეყნის მასშტაბით 1 700-მდე მაღაზიას მართავს, ყოველდღიურად 650,000 მომხმარებელს ემსახურება და ორგანიზებული საკვები პროდუქტების საცალო ბაზრის 31%-ს ფლობს. ჯგუფში შედის შვილობილი კომპანია „ქართული ლუდის კომპანია“, რომელიც ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიებში ისეთ ბრენდებს აწარმოებს, როგორებიცაა „ზედაზენი“, „RS კოლა“, „მილერი“ და სხვები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *