ირაკლი კობახიძე, ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა.

“ოცნების” მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობას. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

“პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ”, – წერია პრესრელიზში.

მოგვიანებით კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა ბერსესთან.

„ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ბატონ ალენ ბერსესთან. შეხვედრისას ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც ევროპული ინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული რეფორმების პროცესის ხელშემწყობ ფაქტორს. შეხვედრისას დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა და გავაგრძელოთ აქტიური დიალოგი“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *