წინა გამოცდილების გათვალისწინებით რთულია ამერიკის პრეზიდენტის ქმედებების პროგნოზი, თუმცა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ტარიფებმა ჩინურ იმპორტზე 100%-ს გადააჭარბა, მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკებს შორის სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომი უფრო რეალური გახადა. თავის მხრივ ჩინეთი ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს. ასევე სულ უფრო რეალური ხდება რეცესიის შესაძლებლობაც, JPMorgan-ი აცხადებს, რომ მსოფლიო ეკონომიკის რეცესიის შანსი 60%-მდეა გაზრდილი.
ჩინეთ-ამერიკის იმპორტის მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 2024 წელს ამერიკაში ჩინეთიდან იმპორტი დაახლოებით 440 მილიარდი დოლარი იყო, ჩინეთმა კი 145 მილიარდი დოლარის ამერიკული პროდუქცია იყიდა. შესაბამისად ამერიკას ჩინეთთან 295 მილიარდი დოლარის მოცულობის სავაჭრო დეფიციტი აქვს.
ტრამპისთვის სატარიფო პოლიტიკა განსაკუთრებით ჩინეთთან ახალი არ არის, მან პირველ ვადაშიც დაუწესა მთავარ მეტოქეს ტარიფები, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამაც შეინარჩუნა. პირველი პრეზიდენტობის ვადაში დაწესებულ ტარიფებს შედეგიც ჰქონდა და თუ 2016 წელს ჩინეთის წილი ამერიკის იმპორტი 21% იყო, შარშან მისი წილი 13%-მდე შემცირდა.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ტარიფების პირობებში ზოგიერთი ჩინური პროდუქტი ამერიკაში შესაძლოა სხვა აზიური ქვეყნების გავლით შევიდეს. ამის კარგი მაგალითია მზის პანელები, რომლის იმპორტზეც ამერიკამ 2018 წელს 30%-იანი ტარიფები დააწესა. 2023 წელს კი ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტმა აღმოაჩინა, რომ ტარიფებისთვის თავის ასარიდებლად ჩინური წარმოება სხვადასხვა აზიურ ქვეყანაში მაგალითად მალაიზიაში; ტაილანდსა და ვიეტნამში გადავიდა და აქედან შეჰქონდათ ამერიკაში პროდუქტი.
ამერიკის და ჩინეთის ეკონომიკების ზომის გათვალისწინებით ამ ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის შენელება ან უარესი, რეცესია გავლენას იქონიებს დანარჩენ მსოფლიოზე. სატარიფო პოლიტიკა გახდა ჯერჯერობით განხეთქილების მთავარი მიზეზი ტრამპსა და მისი საარჩევნო კამპანიის ყველაზე მსხვილ დონორ ილონ მასკს შორის. Washington Post-ის ინფორმაციით, მასკმა ვერ მოახერხა ტრამპის გადარწმუნება არ დაეწესებინა ტარიფები. ამის შემდეგ ის ღიად დაუპირისპირდა ტრამპის მრჩეველს ვაჭრობის საკითხებში და ტარიფების მთავარ იდეოლოგს პიტერ ნავაროს და იდიოტი უწოდა.
მანამდე ნავარომ მასკზე თქვა, რომ მანქანების მწარმოებელი კი არა ამწყობია, ამით მიანიშნა, რომ მასკის კომპანიას Tesla-ს მანქანის ნაწილები მათ შორის, ბატარეები ჩინეთიდან და იაპონიიდან შემოაქვს. ტარიფების პირობებში კი Tesla-ს იმპორტი უძვირდება.
მასკმა არაერთხელ დაუჭირა მხარი თავისუფალ საერთაშორისო ვაჭრობას. იტალიური ულტრამემარჯვენე პარტიის კონგრესზე მიმართვისას, მან აშშ-სა და ევროპას მოუწოდა სავაჭრო ტარიფები საერთოდ გაანულონ.
ტარიფები რეალურად იმპორტირებულ პროდუქტზე დაწესებული გადასახადია. იმპორტიორები, რომლებსაც ქვეყანაში უცხო ქვეყნიდან პროდუქტი შეაქვთ ტარიფს მთავრობას უხდიან. მაგალითად 20%-იანი ტარიფი ჩინურ საქონელზე ნიშნავს, რომ 10 დოლარიანი პროდუქტის იმპორტის შემთხვევაში, ტარიფი პროდუქტს ორი დოლარით აძვირებს. სწორედ ამიტომ მიაჩნიათ ტრამპის პროტექციონისტული სავაჭრო პოლიტიკა ინფლაციურად.
“ნებისმიერ ეკონომისტს რომ ჰკითხოთ, გეტყვით რომ ტარიფები ეკონომიკისთვის კარგი არ არის. ისინი ზრდიან ფასებს, ამას გარდა, ტარიფებს მხოლოდ კომპანიები არ იხდიან, არამედ მომხმარებლებიც. გაზრდილი ფასები ავტომატურად ნიშნავს უფრო ნაკლებ ეკონომიკურ აქტივობას, კომპანიებისთვის შემცირებულ შემოსავლებს, რაც რეცესიის ნიშნებს აჩენს”, – ამბობს Galt & Taggart-ის წარმომადგენელი ნიკა მაზანაშვილი BMG-სთან.
ტრამპს მიაჩნია, რომ სატარიფო პოლიტიკის გამკაცრებით ამერიკულ წარმოებას დაიცავს, სავაჭრო დეფიციტს აღმოფხვრის, საბიუჯეტო შემოსავლებს გაზრდის და საბოლოოდ ამერიკის ეკონომიკას დაბუსტავს. ის სატარიფო პოლიტიკის გადახედვის სანაცვლოდ, ქვეყნებისგან მეტი ამერიკული პროდუქტის ყიდვას ითხოვს. მაგალითად ევროკავშირს მოსთხოვა 350 მილიარდი დოლარის დეფიციტის აღმოსაფხვრელად ამერიკული ენერგორესურსები იყიდონ. ევროსტატის ინფორმაციით, შარშან ევროკავშირის ქვეყნებმა ამერიკაში თითქმის 532 მილიარდი ევროს პროდუქტი გაყიდეს, ევროკავშირმა კი აშშ-ისგან 333 მილიარდი ევროს მოცულობის პროდუქტი იყიდა. შესაბამისად დეფიციტი არა 350 მილიარდი დოლარია, როგორც ამას ტრამპი ამტკიცებს, არამედ 198 მილიარდი ევრო (225 მილიარდი დოლარი).
“თიბისი ჯგუფის” მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია გვეუბნება, რომ ზოგადად სავაჭრო დეფიციტი ეკონომიკაში ყოველთვის ცუდი არ არის და ამის მაგალითად საქართველოში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ასახელებს, რამაც ქვეყნის იმპორტის ზრდას შეუწყო ხელი.
“როცა სავაჭრო დეფიციტზე ვსაუბრობთ დეფიციტი არ არის ცუდი და პირიქით უფრო მზარდ ეკონომიკებს უფრო მეტი დეფიციტი აქვთ. პირობითად საქართველო თუ უფრო მეტად იზრდება, ვიდრე სავაჭრო პარტნიორები, ჩვენ უფრო მეტ მოთხოვნას ვქმნით იმპორტზე, ვიდრე ჩვენს ექპორტზე ჩვენი სავაჭრო პარტნიორები. ამიტომ დეფიციტი ცუდი არ არის. საქართველოს მაგალითზე რომ ვთქვათ ჩვენ მაღალი ზრდის პერიოდში გვქონდა ყველაზე მაღალი დეფიციტი”, – ამბობს ნადარაია.
ტრამპის გადაწყვეტილებამ სამი თვით დააპაუზოს ათეულობით ქვეყნის წინააღმდეგ გაზრდილი ტარიფები, საფონდო ბირჟებზე აქციების ფასის ზრდა გამოიწვია. არადა 180 ქვეყნისთვის ორ აპრილს დაანონსებული ტარიფები ინვესტორებმა უარყოფითად მიიღეს და სავალუტო ბირჟებზე მკვეთრი ვარდნაც იყო, გაუფასურდა ამერიკული დოლარის ინდექსიც.
“როცა ტრამპმა დააანონსა, რომ ქვეყნების დიდ ნაწილს მინიმუმ 10%-იან ტარიფებს უწესებდა და ზოგიერთ ქვეყანასთან მაგალითად ჩინეთთან, იაპონიასთან ძალიან დიდი ტარიფები დააწესა. ამ დღის შემდეგ ბირჟებს ისტორიული ვარდნა ჰქონდათ. იმიტომ, რომ ამერიკული კორპორაციები და არა მარტო ამერიკული კორპორაციები, რომლებიც ამ ბირჟებზე ივაჭრება არიან გლობალური კომპანიები, რომლებსაც აქვთ ბიზნესი ყველა კონტინენტზე და მთლიანად დამოკიდებულები არიან გლობალურ ვაჭრობაზე. ტარიფები დიდ პრობლემებს შეუქმნით და მათ მოგებაზეც აისახება,” – ამბობს ნიკა მაზანაშვილი.
თუმცა მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოცხადდა, რომ სამი თვით პაუზდება ტარიფების ნაწილი, ამერიკული კომპანიების ინდექსები გაიზარდა. Galt & Taggart-ის წარმომადგენელი საფონდო ბირჟებზე მსგავს მერყეობას გაურკვევლობით ხსნის.