სამწუხაროდ, [ინვესტორები] აქტივების გასხვისების სურვილით გვაკითხავენ – ინტერვიუ მაია ზავრაშვილთან

კომპანია Colliers Georgia Mining & Minerals Solutions-ის მმართველი პარტნიორის მაია ზავრაშვილის შეფასებით, წიაღის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრ შემცირებას სხვადასხვა ფაქტორი აქვს. ამის შესახებ მაია ზავრაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. წიაღის ეროვნული სააგეენტოს ყოფილი უფროსის თქმით, ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია როგორც ზოგადი ბიზნესგარემო ქვეყანაში, ასევე სტაბილური იურისდიქცია.

საქმე ის არის, რომ საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს სამთომოპოვებით მრეწველობაში მხოლოდ 2.5 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია თუ არ ჩავთვლით პანდემიურ 2021 წელს; მეტიც 2007 წლიდან მოყოლებული, რაც საქსტატი ითვლის FDI-ს, ასეთი დაბალი ინვესტიცია ამ სექტორში არ დაფიქსირებულა.

– წიაღის სექტორში FDI პრაქტიკულად განულებულია; ეს რიცხვი არაა დამაიმედებელი, მაგრამ ამ შედეგს მხოლოდ პოსტპანდემიურ პერიოდს ან წიაღის ახალი კოდექსის არქონას ვერ დავუკავშირებით, რადგან ახალი კანონი არც 2018-2019 წლებში გვქონდა და არც 2020 წელს, რომელიც სამთომოპოვებითი სექტორსთვის თითქმის $100-მილიონიანი FDI-ით დაიხურა. სამთომოპოვებით სფეროში ეს რიცხვები [დაბალი FDI] მიუთითებს იმაზე, რომ ჯამში, ქვეყანა – სახელმწიფო თუ კერძო სექტორი ვერ ვასრულებთ იმ ამოცანებს, რომელიც გვაკისრია.

– Colliers Georgia Mining & Minerals Solutions-ის კლიენტების მაგალითზე მოგვიყევით, რა სერვისებზეა მოთხოვნა და როგორია ინტერესი სექტორში ინვესტირებაზე?

– ბიზნესკონსალტინგის მიმართულებით, ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური პერიოდი 2021 და 2022 წლებში, როდესაც თვეში 3-4 მსხვილი საინვესტიციო ჯგუფი გვაკითხავდა, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ აქტივების აკვიზიციით (Aquisition – ერთი კომპანიის მიერ მეორე კომპანიის სრულად შესყიდვა) ან შეძენით და აქ განვითარებით. პროექტების ნაწილი პროგრესირდა, ბევრი მათგანი შეჩერდა, ნაწილმა კი, საერთოდ გადაიფიქრა საქართველოში შემოსვლა; ფაქტორი უამრავია. ინვესტორები სხვადასხვა რაკურსით უყურებენ [ქვეყანას]. ახლა სამწუხარო დინამიკა ისაა, რომ [ინვესტორების] მომართვიანობა შემცირებულია ამ მიმართულებით – ვგულისხმობ აქტივების ინტერესს და ძალიან ბევრი გვაკითხავს აქტივების გასხვისების სურვილით… ზოგიერთს სურს ქვეყნიდან გასვლა, რაც ცხადია, კარგი არაა, მაგრამ ყველა ქვეყანაში ხდება; თუმცა კარგი იქნება, გამსვლელების დინამიკა შემომსვლელთა რაოდენობით დაბალანსდება.

– რატომ გადიან ინვესტორები საქართველოს სამთომოპოვებითი სექტორიდან – ძირითადი ფაქტორი რაა? მაგალითად: ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლასთან დაკავშირებით სვამენ კითხვებს?

– ესეც მოქმედებს, ცხადია. არის მსგავსი მესიჯები, რომ მათთვის მთლად სტაბილური არაა ეს იურისდიქცია და თავს მშვიდად არ გრძნობენ. არის შემთხვევები, როცა მათ უბრალოდ მოლოდინები გაუცრუვდათ კონკრეტული აქტივების ეკონომიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით. სხვათა შორის მიმდინარე წელი მთლად პასიური არაა. რაც შეეხება მოთხოვნად სერვისებს – ინვესტორებს აინტერესებთ სხვადასხვა პროექტი, მარეგულირებელი ჩარჩო ანუ სად მოდიან, რა გარემო ხვდებათ და ა.შ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *