საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის კოკა თოფურიას შეფასებით, გრძელვადიან პერსპექტივაში EQAR-ის წევრობის შეწყვეტა საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტისთვის პრობლემა გახდება. როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში განმარტა, თუკი უცხოელი სტუდენტებს დიპლომის აღიარებისთვის საჭირო პროცედურები გაურთულდებათ, მათთვის სასწავლებლად ქვეყანაში შემოსვლა პრიორიტეტული აღარ იქნება.

ხოლო იმ შემთხვევაში თუკი მათი წილი შემცირდება, ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს ქართველ სტუდენტებსაც, რომლებიც დღეს განათლებას თვითღირებულებაზე დაბალ ფასად სწორედ უცხოელების ხარჯზე იღებენ.

„როგორც საქართველოს უნივერსიტეტისთვის, ისე ყველა სხვა დანარჩენისთვის ეს გრძელ ვადაში არის პრობლემა. ჩვენი განათლების სისტემაში უზარმაზარი ფინანსური კონტრიბუცია აქვს უცხოელს სტუდენტებს, საქართველოს განათლება დიდ წილად ფინანსდება მათი მხრიდან. ის რომ დღეს ქართველ სტუდენტებს აქვთ გარკვეული სტანდარტის განათლების სისტემა, ეს განპირობებულია იმით, რომ საქართველოში უცხოელი სტუდენტები შემოდიან.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ უცხოელი სტუდენტები უხდიან ქართველ სტუდენტებს სწავლის საფასურის უდიდეს ნაწილს, რადგან სინამდვილეში სწავლა გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ქართველი სტუდენტები იხდიან. ჩვენს შემთხვევაში ქართველი სტუდენტები იხდიან თვითღირებულებაზე ბევრად ნაკლებს, შესაბამისად, ვიღაცა ხომ ფარავს დანარჩენს? ესენი არიან უცხოელები.

ჩვენი გაცხადებული მიზანი იყო და მე მჯეროდა აქამდე იმის, რომ საქართველო რეგიონალური საერთაშორისო ჰაბი უნდა გამხდარიყო და უცხოელი სტუდენტები უნდა მოგვეზიდა. ამის ხარჯზე უნივერსიტეტები უნდა გაფართოებულიყვნენ, საერთო საცხოვრებლები უნდა აშენებულიყო. როდესაც რაღაცა დარგში მეტი ფინანსები შედის, იქ მეტი ადამიანი იწყებს მუშაობას, ამიტომ ალბათ უფრო მეტ ადამიანს მოუნდებოდა პროფესორ-მასწავლებლობა, მეტი კვლევა იქნებოდა… ახლა ეს მდგომარეობა მინიმუმ თუ ხელს არ შეუშლის, არ შეუწყობს ამ პროცესს.

თუ უცხოელი სტუდენტისთვის საქართველოში აღებული დიპლომის სადმე აღიარება და დამტკიცება გართულდება, ცხადია ეს მას ხელს შეუშლის.

როცა უკრაინაში ომი დაიწყო იქაური უცხოელი სტუდენტების მიღების სურვილი გვქონდა, მაგრამ პრაქტიკულად ვერცერთი მივიღეთ იმიტომ რომ პრაქტიკულად მათი განვლილი საგნების ჩათვლას ვერ მოვახერხებდით. თუ ჩვენ მესამე კურსის სტუდენტს გადმოვიყვანდით, პირველ კურსზე დასმა მოგვიწევდა, რადგან მათ განვლილ საგნებს ჩვენს პროგრამასთან შესაბამისობას ვერ ვუძებნიდით. ამ ტიპის პრობლემები თუ შეიქმნა ჩვენთანაც, ეს საქართველოში უცხოელი სტუდენტების შემოსვლას შეუშლის ხელს და ამგვარად, უმაღლესი განათლების დაფინანსება შემცირდება“, – განაცხადა თოფურიამ.

ინფორმაციისთვის, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში [EQAR] საქართველო ყოფილი წევრების სიაში გადაიყვანეს. გასული წლის ბოლოდან ცნობილი იყო, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია შეჩერებული ჰქონდა, თუმცა ამ დროისთვის, ქვეყანა უკვე ყოფილი წევრების სიაშია შეყვანილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *