მუნიციპალური ცხოვრების ხარისხის ინდექსი ზომავს და ადარებს ცხოვრების ხარისხსა და დონეს მუნიციპალიტეტებს შორის. ის ცხოვრების ხარისხს შემდეგი ინდიკატორების მიხედვით ზომავს: (1) ეკონომიკა, (2) დაკავშირებულობა, ინფრასტრუქტურა და სერვისები, (3) დემოგრაფია და სოციალური ხელმისაწვდომობა, (4) ადგილობრივი დემოკრატია და გენდერული თანასწორობა.
2023 წლის საბაზისო მონაცემებზე დაფუძნებულმა მუნიციპალური ცხოვრების ხარისხის ინდექსმა გამოავლინა მნიშვნელოვანი განსხვავებები მუნიციპალიტეტებს შორის, განსაკუთრებით ეკონომიკისა და დაკავშირებულობის, ინფრასტრუქტურისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით. ინდექსი მერყეობს უმაღლესი 0.67-დან, რომელიც დედაქალაქმა თბილისმა მიიღო, უმცირეს 0.28-მდე, რომელიც ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
ინდექსში თბილისის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია, მას მოსდევს ბათუმი, დანარჩენ მუნიციპალიტეტებს შორის განსხვავებები კი შედარებით უმნიშვნელოა. საშუალო ინდექსის მაჩვენებელი 0.40-ს შეადგენს, 22 მუნიციპალიტეტში ფიქსირდება საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი, ხოლო 38 მუნიციპალიტეტში – საშუალოზე დაბალი.
უფრო დეტალურად, დედაქალაქი ლიდერობს ოთხივე ინდიკატორის მიმართულებით და მთლიანობაში აღწევს 0.67 ინდექსის პუნქტს. თბილისმა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 0.78 ინდექსის პუნქტი – ეკონომიკის მიმართულებით მიიღო, ყველაზე დაბალი კი – დემოგრაფიასა და სოციალურ ხელმისაწვდომობაში, რისი მიზეზიც მოსახლეობის მაღალი რაოდენობაა. თბილისს მოსდევს ბათუმი 0.11 ინდექსის პუნქტის სხვაობით, რაც მოსალოდნელი შედეგია. ბათუმში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ეკონომიკის მიმართულებით, რაც საკმაოდ ახლოსაა დედაქალაქის მაჩვენებელთან, ხოლო ყველაზე დაბალი – ადგილობრივ დემოკრატიასა და გენდერულ თანასწორობაში, რაც არჩევნებში დაბალი აქტივობითაა გამოწვეული. მესამე ადგილზეა ყაზბეგი, 0.16 ინდექსის პუნქტის ჩამორჩენით თბილისთან მიმართებით და 0.05-ით – ბათუმთან. ყაზბეგში ყველაზე კარგი შედეგი ფიქსირდება ეკონომიკის მიმართულებით, რაც ძირითადად განპირობებულია ტურიზმის ინდიკატორების მაღალი მაჩვენებლით და შედარებით დაბალი სოციალური მოწყვლადობით. ყაზბეგში ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე მიმართულებაა ადგილობრივი დემოკრატია და გენდერული თანასწორობა, განსაკუთრებით დაბალი შედეგი აქვს ადგილობრივ მმართველობაში, სხვა ქვე-მიმართულებებთან შედარებით.
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა დოკუმენტი შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა და ყოველწლიურად გამოაქვეყნებს ინდექსს. ინსტიტუტის თანახმად, იმ ფონზე, რომ მუნიციპალურ დონეზე მონაცემები შეზღუდულია, მნიშვნელოვანია, საქსტატმა და სხვა საჯარო ინსტიტუტებმა პრიორიტეტი მიანიჭონ ძირითადი ინდიკატორების სისტემატურ შეგროვებასა და გავრცელებას, რაც წაახალისებს ადგილობრივ დონეზე მონაცემების მრავალგანზომილებიან შეფასებას.
“ასეთი მონაცემებია, მაგალითად, მონაცემები გარემოსდაცვით ფაქტორებზე (ჰაერის დაბინძურება და ხარისხი, ბუნებრივი კატასტროფები და მწვანე სივრცეები); უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მონაცემები (მაგ.: პოლიციელთა რაოდენობა და დანაშაულის მაჩვენებლები, რაც აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესაფასებლად); მონაცემები განათლების ხარისხსა და შედეგებზე (მაგ.: ეროვნულ გამოცდებზე საშუალო ქულები და ბევრი სხვა). ამ ინდიკატორების მუნიციპალურ დონეზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შესაძლებელს გახდის უფრო ზუსტი შეფასებების გაკეთებას და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას ადგილობრივი განვითარებისთვის”,- აღნიშნულია დოკუმენტში.