დუბაის გამოფენაზე „ამბასადორი აილენდ ბათუმის” მიმართ ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა – გოჩა კამკია
„ამბასადორი აილენდ ბათუმის” გენერალური დირექტორი გოჩა კამკია ამბობს, რომ დუბაიში მიმდინარე უძრავი ქონების გამოფენაზე მათმა პროექტმა განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა. მან გამოფენის მიმდინარეობის შესახებ „საქმიან დილაში“ ისაუბრა.
14-16 აპრილს დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში, უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდმა პროექტი წარადგინა, რომელიც მიზნად ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს.
როგორც გოჩა კამკია ამბობს, მათ სტენდთან ვიზიტორების რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა.
„ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ელიტარული უძრავი ქონების გამოფენაა, სადაც 85-დან 300-მდე დეველოპერი ახდენს საკუთარი პროექტების პრეზენტაციას. შემიძლია კმაყოფილებით განვაცხადო, რომ ჩვენ ამ გამორჩეულ 300 დეველოპერს შორის შევქმენით აბსოლუტური განსხვავება იმ თვალსაზრისით, რომ დანარჩენ მსოფლიოს საქართველოდან წარვუდგინეთ გლობალური ეკონომიკური პროექტი, რომელიც ქმნის გამორჩეულ შესაძლებლობებს რეგიონში. „ამბასადორი ჯგუფი“, როგორც ქართული კომპანია ძალიან ღირსეულადაა წარმოდგენილი და აქვს ერთ-ერთი გამორჩეული სტენდი, როგორც კონცეფციური, ისე ტექნოლოგიური თვალსაზრისით, სადაც 3D ინტერაქციებში ნებისმიერ ვიზიტორს აქვს შესაძლებლობა, დაათვალიეროს კუნძულის ნებისმიერი დეტალი და ნახოს, როგორი იქნება მომავალში. აგრეთვე, ჩვენ ვართ საქართველოს ელჩები, რომლებმაც უნდა ვისაუბროთ საქართველოში შექმნილ ბიზნეს შესაძლებლობებზე.
გვქონდა მოლოდინი, რომ ძალიან ბევრი ვიზიტორი გვეყოლებოდა ჩვენი კონცეფციიდან გამომდინარე, მაგრამ მოლოდინს გადააჭარბა ვიზიტორების რაოდენობამ და გვყავს მათ შორის ძალიან გამორჩეული სტუმრები, მაგალითად, გუშინ გვყავდა დუბაის მიწების განვითარების დირექტორი, რომელიც სპეციალური დელეგაციით გვესტუმრა, დუბაის წამყვანი მედიასაშუალებებით. ასევე, მადლობელი ვართ საქართველოს საელჩოსი, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს პროექტს“,- აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გენერალურმა დირექტორმა.
მისივე თქმით, როგორც გამორჩეული პროექტის ავტორი, „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ ხვალ B2B შეხვედრებს გამართავს.
„გამოფენაზე ხდება გამორჩეული პროექტების შერჩევა. ჩვენ ხვალ უკვე გამორჩეული დეველოპერების კლუბში ვართ დაპატიჟებული, სადაც პირისპირ შეხვედრებზე განვიხილავთ პროექტის შესაძლებლობებს და უმსხვილეს ინვესტორებს დავპატიჟებთ საქართველოში. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ჩვენი ჯგუფი დაპატიჟებულია ცალკე პრეზენტაციაზე, სადაც ვისაუბრებთ საქართველოზე, ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე და მის მიერ დანარჩენი მსოფლიოსთვის შექმნილ შესაძლებლობებზე. ეს პირდაპირი ეთერში გადაიცემა და მილიონობით მაყურებელი ჰყავს მსოფლიოში“,- თქვა გოჩა კამკიამ.