რეორგანიზაციის გარეშე მაღაროების მუშაობა არ განახლდება – ასეთია “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” პოზიცია, რომელიც “ჯორჯიან მანგანეზის” კონტრაქტორია. რეორგანიზაცია კი, კადრებისა და პროცესის ოპტიმიზაციას მოიცავს.
საქმე ის არის, რომ გუშინ სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ CMC, რომელიც ამ ეტაპზე ჭიათურების მართვაშია ჩართული, მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენას გარკვეული დათქმებით თანხმდება, თუმცა კონკრეტულად რა პირობები ჰქონდა კომპანიას უცნობი იყო.
დღეს კი “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ” განცხადება გაავრცელა, სადაც მიწისქვეშა მოპოვების აღდგენის პირობებია გაწერილი, კონკრეტულად კი:
- საწარმოს სტრუქტურულ რეორგანიზაციას;
- ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციას;
- შიდა ვაკანსიების გამოცხადებას;
- თანამშრომლების გადამზადებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების დაწყებას;
- უსაფრთხო და თანამედროვე სამუშაო პირობების დანერგვას.
“შედეგად, მიღწეულია კონკრეტული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები სტრუქტურული ცვლილებების შემთხვევაში განახლდება. საუბარია სრულყოფილი რეორგანიზაციის პროცესზე, რომელიც ყველა დასაქმებულს, მათ შორის ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც შეეხებათ.
აღნიშნული პროცესები ემსახურება არარენტაბელური წარმოების გაჯანსაღებას, ეფექტიანობის ზრდას და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას.
აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის გარეშე მაღაროების მუშაობა არ განახლდება.
დამატებითი ინფორმაცია რეორგანიზაციის ეტაპების, ვაკანსიებისა და გადამზადების შესაძლებლობების შესახებ ეტაპობრივად გასაჯაროვდება.
კომპანიის მიდგომა მკაფიოა: მხოლოდ გონივრულად დაგეგმილი, ეკონომიკურად გამართლებული და გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ცვლილებების შემდეგ შეძლებს საწარმო სრულფასოვნად ფუნქციონირებას.
აღნიშნული ცვლილებებით კომპანია ვალდებულებას იღებს, წარმოება გახადოს ეფექტიანი და სწორედ ამ მიზნით განახორციელოს ყველა საჭირო სტრუქტურული ცვლილება.
წარმოების განახლებაზე მიღწეული შეთანხმება სამმხრივი კომისიის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგია. სწორედ სამუშაო ჯგუფმა უზრუნველყო ისიც, რომ კომპანიაში დასაქმებულებს დაერიცხათ ხელფასის 60%, ამასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ სააღდგომოდ დასაქმებულები ხელფასის კიდევ ერთ 60%-ს მიიღებენ”, – წერს კომპანია.
7 მარტს „ჭიათურ მენეჯმენტ კომპანიმ“ განაცხადა, რომ „ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. ჭიათურის მაღაროების მმართველი კომპანია ასევე განმარტავს, რატომ ვერ გადაუხადეს თებერვალში დასაქმებულებს ხელფასი. 12 მარტს კი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თქვა, რომ „მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კომპანია აქტიურად მუშაობს საკომპენსაციო პირობების განსაზღვრაზე, რომ საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, დაემშვიდობოს თანამშრომლებს კომპენსაციებისა და მიმდინარე დავალიანების გადახდით“. თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფის რამდენიმე შეხვედრის შემდეგ დასაქმებულებისთვის ერთი თვის ხელფასის გაცემა მოხერხდა, რაზედაც პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ეს მათი უშუალო ჩართულობის შედეგია.