ნორმალურ, ცივილურ სამყაროში მფლობელმა ან დამფუძნებელმა თეატრის მენეჯმენტის შეცვლა რომ დააყენოს დღის წესრიგში, უპირველესად, უნდა შეხედოს მისი დასწრების სტატისტიკას, – ასე ეხმაურება ნიკოლოზ რაჭველი დავით დოიაშვილის გათავისუფლებას.

მისი თქმით, დოიაშვილის ბიოგრაფია კიდევ უფრო მდიდარი და ისტორიული გახდა, რაც დიდი ხელოვანების ხვედრია.

“ამ ამბებისგან გამოწვეული სიბრაზე სულ მაბრუნებს მოგონებებში, თუ როგორ მდგომარეობაში ჩავიბარეთ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი და საიდან რა გააკეთა ამ ერთმა შეუპოვარმა კაცმა თავისი უკიდეგანო ნიჭით, ჩემთვის შესაშური შრომის უნარით და იდეისადმი თავგანწირული ერთგულებით!

მაშინ, როდესაც მსოფლიო თეატრალურმა საზოგადოებამ გაიცნო და აღიარა დოის თეატრი, მაშინ, როდესაც პრემიერაზე კი არა, რიგით წარმოდგენაზეც კი მაყურებელი თვეებით ადრე უნდა ასწრებდეს ბილეთის “შოვნას”, მაშინ, როდესაც თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო თუ სარეჟისორო ფაკულტეტზე თაობები აბარებენ იმ იმედითა და ოცნებით, რომ დოისთან თეატრში ითამაშებენ ან სპექტაკლს დადგამენ, მაშინ, როდესაც თეატრმა მთელ თეატრალურ სამყაროს ერთდროულად აჩვენა მაგალითი ხარისხის, პროფესიონალიზმის, სიძლიერის და ამავდროულად ოჯახის წევრისადმი უპირობო სოლიდარობის, გადაწყვიტეს, რომ ასეთი რამ არ სჭირდება დღევანდელ საქართველოს, დღევანდელ ქართულ თეატრს, ხელოვნებას!

მიზეზი? თურმე რამდენიმე თვეა არ თამაშობენ სპექტაკლებს, ხოლო დასს ხელფასებს ბიუჯეტი (ჩემი და თქვენი გადასახადებიდან!) შეუფერხებლად უხდის. მაშინ ამავე მიზეზით უნდა გაათავისუფლონ ყველა სახელმწიფო თეატრისა თუ ორკესტრის ხელმძღვანელები, ვინაიდან დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით თითქმის ყველგან შეჩერებული იყო სპექტაკლები და კონცერტები. მარტში კი, ასევე ყველამ აღვადგინეთ და მათ შორის “ახალმა თეატრმა”-ც, წარმოებაში ჩაეშვა 4 პრემიერა და პარალელურად, თბილისსა და რეგიონებში მანიფესტის ფორმით შედგა ტური სპექტაკლის “მე გადმოვცურავ ზღვას”.

ნორმალურ, ცივილურ სამყაროში მფლობელმა ან დამფუძნებელმა თეატრის მენეჯმენტის შეცვლა რომ დააყენოს დღის წესრიგში უპირველესად, უნდა შეხედოს მისი დასწრების სტატისტიკას… მაგრამ სინამდვილეში ხომ აქ არსაკიძის ისტორიული ამბის ქრესტომათიულ გამოვლინებასთან გვაქვს საქმე. ჰოდა ჰგონიათ რომ მკლავი მოსჭრეს!

დიდ ნიჭიერებას ვერაფერი შეაჩერებს, ვერც სიკვდილი, რადგან ახმეტელი დღესაც ცოცხალია და ბერია მკვდარი! დიდხანს იცოცხლოს ჩემმა დოიმ და დანარჩენი არის თავგადასავალი, ზოგჯერ ემოციურად უმძაფრესი, მართლა რთულად გადასატანი, მითუმეტეს, როდესაც დიდ უსამართლობას ეჯახები, მაგრამ მერე ყოველთვის დგება დრო, რომლის დისტანციიდან ყველაფერი მოსჩანს, როგორც გაძლიერებისთვის განვლილი საინტერესო გზა. ასე იქნება ახლაც!”, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

ცნობისთვის, 16 აპრილს, “ქართული ოცნების” კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის განცხადება გავრცელდა, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ დავით დოიაშვილს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დაატოვებინეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *